ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერძაია რეანიმაციაში მოხვდა – “ავალებდნენ ”ოცნებასთან” თანამშრომლობას, გათავისუფლებით დაემუქრნენ”

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერძაია რეანიმაციაში მოხვდა - "ავალებდნენ ”ოცნებასთან” თანამშრომლობას, გათავისუფლებით დაემუქრნენ"ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერძაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია არ გამორიცხავს, რომ დედის მძიმე მდგომარეობა მმართველი გუნდის მიერ არჩევნების პერიოდში მასზე ზეწოლასა და „ქართული ოცნების“ მხრიდან აგიტაციის შესახებ დავალებას უკავშირდებოდეს. დეტალებზე საუბარს შენგელიები ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

„სავარაუდოდ, ავალდებულებდნენ არჩევნების წინ, ან უფრო სწორად, შეიძლება არ ავალებდნენ, მაგრამ სთხოვდნენ გარკვეულ წილად, რომ მათთან ეთანამშრომლა. საუბარია მმართველი პარტიის შესახებ.

“9 ნოემბერს, თბილისიდან ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გამოიგზავნა განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში, დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე ახორციელებდნენ შემოწმებას. სინამდვილეში ეს არ იყო შემოწმება, არამედ იყო ჩვეულებრივი რეპრესია, ვინაიდან პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგების და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა. დიახ, დაკითხვა, “დასაკითხ პირებს” აფრთხილებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მუხლით (ამ დროს, ნებისმიერმა დამწყებდა იურისტმა იცის, რომ ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტის მიერ სამსახურებრივი შემოწმება არ ნიშნავს მართლმსაჯულების განხორციელებას). ერთი სრული დღე მხოლოდ სკოლის დამლაგებლების დაკითხვას დაეთმო. დაკითხვის მეთოდები იყო მაქსიმალურად ხისტი და მათ მოახერხეს ეს ე.წ. ინსპექტირების პერიოდი წარმოუდგენელი წნეხის და სტრესის ქვეშ ჰყოლოდათ მთელი სკოლა და რაც მთავარია, სკოლის დირექტორი” – წერდა შენგელაია.

სკოლის შემოწმების ფაქტს რამდენიმე დღის წინ თავად დირექტორი ია კერძაიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასოდეს არცერთი პარტიის აქტივისტი არ ყოფილა.

“ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას…ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – წერდა კერძაია Facebook-ზე და ამბობდა, რომ თუ სამეურვეო საბჭო მას თანამდებობიდან გაათავისუფლებდა, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებდა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ დღეს გამართულ აქციაზეც განაცხადა.

„მე მინდა ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გაუწყოთ, ეს წუთია მივიღეთ ზუგდიდიდან ინფორმაცია, რომ ბაჩანა შენგელიას დედა მე-6 სკოლის დირექტორი, ამ არჩევნების ფონზე დაიბარა ხელისუფლებამ, დაემუქრა გათავისუფლებით, მიაყენა შეურაცხყოფა და ამ ქალბატონმა დღეს დილით მიიღო ინსულტი და ახლა ის სიცოცხლისთვის იბრძვის. აი ამ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე,ხელისუფლებას, რომელიც ისროდა ლოზუნგებს არა ძალადობას, არჩევნების დღეების ჩათვლით და არჩევნების შემდეგ ძალადობის მეტს არაფერს უჩვენებს ქართველ ხალხს” – განაცხადა ქარდავამ.

ნიუპოსტი