გაზგაყვანილობის სისტემა დროთა განმავლობაში ფეთქებადსაშიში ხდება

გაზგაყვანილობის სისტემა დროთა განმავლობაში ფეთქებადსაშიში ხდებაენერგეტიკის ექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი M2B-სთან საუბარში ამბობს, რომ სისტემა, რითაც გაზის მიწოდება ხდება, დროთა განმავლობაში ფეთქებადსაშიში გახდება.
ექსპერტის თქმით, მასალა, რომლითაც მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება ხდება, ეს არის ცხელი წყლის ჩვეულებრივი მილები.

„თავიდანვე, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მსგავსი ტიპის მასალებით უნდა მომხდარიყო მრიცხველების გამოტანა და შიდა გაყვანილობების გაყვანა, მაშინვე ავტეხე განგაში, მაგრამ ამ ფაქტს ყურადღება არავინ არ მიაქცია. დროთა განმავლობაში ეს სისტემა იქნება რა თქმა უნდა ფეთქებადსაშიში, რადგან მას არ ახასიათებს გაზის გაყვანილობისთვის დამახასიათებელი საჭირო თვისებები. ეს მასალა არის ცხელი წყლის ჩვეულებრივი მილები, რომელიც გათბობის სისტემისთვის გამოიყენება. სწორედ ეს მილებია საცხოვრებელ კორპუსში გამოყენებული გაზის მრიცხველების გამოტანის დროს. აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ლითონის მილი, რომელიც ჩვენივე ტექნიკური რეგლამენტით არის გამყარებული პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ბრძანებულებით. ჩემი რჩევა და რეკომენდაცია ის იქნება, რომ კერძო კომპანია, რომელსაც ვალდებულება აქვს აღებული უსაფრთხოებაზე და გაზის ექსპლუატაციაზე, რაზეც გადასახადს ვიხდით, ამ გადასახადში და ტარიფში არის შეტანილი უსაფრთხო მიწოდება გაზის, მათ უნდა უზრუნველყონ და სტანდარტით დადგენილი წესით მოახდინოს კომუნიკაციების გაყვანა“, – უთხრა M2B-ს გიორგი ჭაღიაშვილმა.

დიდ დიღომში ცხრასართულიანი შენობის ერთ–ერთ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 წლის ბავშვი, მოგვიანებით, საავამდყოფოში გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 6 ბავშვია.

თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება 16 იანვარს საღამოს მოხდა.

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.