ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიას რწმუნებულმა, ზურაბ ბარბაქაძემ მიაწოდა.
მისი თქმით, საავადმყოფოს მედპერსონალმა საქასრიაში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეცდომით სხვა მიცვალებულის ცხედარი გაატანა. როგორც ბარბაქაძე ამბობს, შეცდომის შესახებ ოჯახისთვის რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი.
ორივე გარდაცვლილი ქალი იყო. როგორც საქასრიას რწმუნებული ამბობს, ერთ-ერთი ქალის ოჯახმა მხოლოდ დასაფლავების შემდეგ გაიგო, რომ კლინიკიდან ცხედარი შეცდომით გამოატანეს, რადგან მათთან სოფელში დამარხული მიცვალებულის ოჯახი ჩავიდა და ცხედრის ამოსვენება მოითხოვა.
„83 წლის ქალი ანგელინა ბარბაქაძე ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ჰოსპიტალში 31 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახმა მიცვალებული წამოიყვანა და 3 იანვარს დაკრძალა. ანგელინა ბარბაქაძის ჭირისუფალმა, რომელსაც ასევე შეცდომით გაატანეს სხვა მიცვალებული, საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს დღეს მიაკითხა და ანგელინა ბარბაქაძის ამოსვენება მოითხოვა. ამის შემდეგ მიცვალებულები გაცვალეს“, – განაცხადა ზურაბ ბარბაქაძემ.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს საკუთარი მიცვალებული სახეზე შესიებული მოეჩვენა, თუმცა მიიჩნიეს, რომ ეს ავადმყოფობის გამო იყო და ამიტომ ეჭვი არ შეუტანიათ, რომ სხვა ადამიანი დაკრძალეს.

