თიბისი ბანკში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკში საკუთარი წილების შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებებს არ ადასტურებენ.
„აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს“, – განუცხადეს ბიემჯი-ს თიბისი ბანკში.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ რომან გოცირიძის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იძლებულები არიან, თიბისი ბანკში საკუთარი წილები გაყიდონ.
ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში საკუთარ გვერდზე დაწერა.
„სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იძულებულნი არიან, გაყიდონ TBC ბანკში თავიანთი წილები და მოლაპარაკებები დაწყებულია მყიდველებთან. საუბარია ამერიკულ ბანკ ”jp morgan”-ზე და EBRD-ზე.
თუ ეს სიმართლეა, აღნიშნული ფაქტი ცდება საბანკო თემატიკას და უფრო სერიოზულ და საგანგაშო მოვლენასთან გვაქვს საქმე.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბანკის ხელმძღვანელობამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
რამდენად შეესაბამება აღნიშნული სიმართლეს, bm.ge ამის გასარკვევად, TBC ბანკს დაუკავშირდება.
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, TBC ბანკის ბენეფიციარ მესაკუთრეებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს, წარმოადგენდნენ:
მამუკა ხაზარაძე – 13.52%
ბადრი ჯაფარიძე – 6.76%
European Bank for Reconstruction and Development – 8.17%
JPMorgan Asset Management – 8.43%
Schroder Investment Management – 7.74%
Dunross & Co – 5.50%.
TBC ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე რეგისტრირებული კომპანიის, თიბისი ბანკის ჯგუფის, ძირითადი შვილობილი კომპანია.
ბანკის კლიენტების რაოდენობა 2 მილიონს აღემატება. “თიბისი ბანკი” საქართველოს მასშტაბით ფლობს 159 ფილიალს, 2,790 თვითმომსახურების ტერმინალს და 480 ბანკომატს.
ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო დამსაქმებელიცაა – TBC ბანკში 7000 ადამიანი მუშაობს.

