”ხელფასს აღარ გადაგიხდით!” – გაფიცულ სოცმუშაკებს სერგეენკოს მოადგილე ბარკალაია დაემუქრა

”ხელფასს აღარ გადაგიხდით!” - გაფიცულ სოცმუშაკებს სერგეენკოს მოადგილე ბარკალაია დაემუქრაჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, მომავალი თვიდან სოციალური მუშაკების სახელფასო ანაზღაურების საკითხი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ჯანდაცვის სამინისტროს ექნება თუ არა ორმაგი სახელფასო ხარჯი შტატგარეშე თანამშრომლების დამატებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ასე არ იქნება, რამდენადაც სავარაუდოდ, მომავალი თვიდან სამინისტრო გაფიცულ სოცმუშაკებს ხელფასს აღარ გადაუხდის.

„მიმდინარე თვის ხელფასი უკვე გადაერიცხათ გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, თუმცა მომავალი თვიდან ალბათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ხელფასის ანაზღაურება, რამდენადაც კანონით ვალდებულება დამსაქმებელს არ აქვს, რომ ასეთ შემთხვევაში აუნაზღაუროს ხელფასი,“ – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

მისივე თქმით, სოციალური მუშაკების გაფიცვის გამო ბენეფიციარებს მომსახურებას სამინისტროს თანამშრომლები და შტატგარეშე თანამშრომლები უწევენ, რაც პრობლემის დროებითი გადაწყვეტაა.

„ჯანდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, ბენეფიციართათვის სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდება. იმისთვის, რომ ბენეფიციარებს არ შეუწყდეთ სერვისები, ვმუშობთ ფორსმაჟორულ რეჟიმში, სოციალური მუშაკების მოვალეობებს სამინისტროს თანამშრომლები ასრულებენ, რომლებიც წესით თავისი საქმით უნდა იყვნენ დაკავებულნი. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიან პერიოდში გამოსავალი არაა. თუ გაფიცვა გაგრძელდება, ავიყვანთ შტატგარეშე კადრებს, რაც ასევე პრობლემების დროებითი გადაწყვეტა იქნება. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სოციალური მუშაკები სამუშაო რეჟიმში გააგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას,“ – განაცხადა ბარკალაიამ.