მეუფე პეტრე: “მამაოს საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულებულა”

მეუფე პეტრე: "მამაოს საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულებულა"ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე დადებითაც აფასებს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხზე დაწყებულ განხილვებს და მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს ამ თემაზე უფრო ადრე უნდა ემსჯელა. მუფე პეტრეს თქმით, დეკანოზი მამალაძე სინანულს განიცდის და მისთვის, როგორც სინოდის წევრისთვის, ეს სინანული მისაღებია.
„ვინც შევიდა, თვალებში ჩახედა და მისგან მოისმინა და არსებული შეკითხვები დაუსვა და პასუხი მიიღო, შეუძლებელია, ვის გავიხსენებთ, გარდა რაღაც სამარცხვინო ზონდერული დამოკიდებულებისა სასულიერო პირთაგან, რომლებიც ჭორებს და ცილისწამებებს ავრცელებდნენ. თვითონაც ძალიან ნანობს, თუნდაც, იმ დამოკიდებულებას, იმ მდგომარეობას, რაც გასაჯაროვდა დაჩეხილი, ამოჭრილი და დამონტაჟებული ჩანაწერებით, რომელიც არასრულყოფილი იყო. სინანულს გამოხატავს, რომ ასე ადვილად წამოეგო ამ აგენტ-პროვოკატორის პროვოკაციას და ასე დარტყმის ქვეშ, ასეთ უხერხულობაში ჩააგდო მთელი ეკლესია და საზოგადოება. თავიდანვე ჰქონდა გამოხატული და ჩემთვის, როგორც სინოდის წევრისთვის, მისაღებია ეს სინანული მისგან.“ – განაცხადა მეუფე პეტრემ კურიერთან.

მეუფე პეტრე იმედოვნებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საკითხს წმინდა სინოდი უახლოეს დღეებში განიხილავს.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ წარდგენილ ბრალში პატიმარი დეკანოზი მამალაძე უდანაშულოა.

„რაც შეეხება პროკურატურას და გამოძიებას, ის, რომ მამაოს საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, ერთმნიშვნელოვნად ამას მე, პირადად, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. გავიხსენებდი ვაჟკაცი, პატიოსანი, კავკასიელი ადამიანის მაჩალიკაშვილის დამოკიდებულება აქვს, როდესაც მისი შვილის მკვლელობაზე ჰკითხეს, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლებაო, ეს საქმეო… მე დიდი იმედი მქონდა, როდესაც მთავარი პროკურორი გადადგა, რომელსაც ასევე პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ საქმეში, რომ მაღალ სასულიერო იერარქად ქალბატონს მისახელებდა და პასუხი არ გაუცია, ისე წავიდა, შემდეგ ახალმა მთავრმა პროკურორმა თქვა, რომ აი, ჩვენი გამოწვევა არის ნდობის აღდგენა, იგივე ჰქონდა სასამართლოს დამოკიდებულება. ციანიდის საქმეში შეიძლებოდა, როგორც ერთს, ისე მეორე ინსტიტუციას აღედგინა ნდობა, მაგრამ დღემდე ვხედავთ, რომ ამ კუთხით არ დაძრულა. მივანდოთ უფალს, მაგრამ მთავარია, რომ წმინდა სინოდმა განიხილოს და ვიცოდეთ ამ ადამიანის მიმართ, რომ ის ამ საქმეში, კონკრეტულ ბრალში არის აბსოლუტურად უდანაშაულო.” – განაცხადა მეუფე პეტრემ.