სერგეენკო – ”ლალა ცინდელიანს 2 ბინა ვაჩუქეთ” – რას აბრალებს მაია ასათიანს ცინდელიანი

სერგეენკო - ”ლალა ცინდელიანს 2 ბინა ვაჩუქეთ” - რას აბრალებს მაია ასათიანს ცინდელიანი“მართლაც ძალიან შემტკივა გული ამ შემთხვევაზე. ის, რაც გააკეთა სახელმწიფომ, ცხადია, საკმარისი არ არის, მაგრამ ამ ქალბატონს სახელმწიფომ გადასცა ორი ბინა – სამოთახიანი და ერთოთახიანი. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ვერ ახერხებს რაღაც კომუნიკაციის მოგვარებას, რომ გადავიდეს. როცა ასეთი მტკივნეული თემის გაშუქება ხდება აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ უწყების პოზიცია, რომელსაც ეხება ეს თემა”, – განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ.

მინისტრი ამ განცხადებით გამოეხმაურა გადაცემა “პროფილში” გასულ ისტორიას, რომელმაც ბოლო დღეებში სოციალური ქსელი მოიცვა.

მრავალშვილიანი დედის, ლალა ცინდელიანის მონათხრობმა გულგრილი არავინ დატოვა. დევნილი ქალი ყვებოდა, რომ შვიდი შვილით პოლიციის მიტოვებულ შენობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, თუმცა სატელევიზიო არქივში ასევე ინახება გასულ წელს გადაღებული კადრები, რითიც ირკვევა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ დევნილთა სამინისტრომ მოქალაქე ლალა ცინდელიანს ერთდროულად ორი სახლის გასაღები გადასცა. სამოთახიანი და ერთოთახიანი ბინები მას ვაზიანის დასახლებაში მისცეს, რის გამოც ლალა ცინდელიანმა შესაბამის უწყებას მადლობა ასევე ემოციურად გადაუხადა.

“პრაიმტაიმი” ლალა ცინდელიანს დაუკავშირდა და კითხა – რატომ ცხოვრობს შვიდ შვილთან ერთად კვლავ პოლიციის მიტოვებულ შენობაში?

“იმ სამოთახიან ბინაში იმიტომ არ ვცხოვრობ, რომ პირობები არ არის, სასმელი წყალი არ ვარგა, კანალიზაცია მოშლილია. აქ გაცილებით უკეთესი პირობები მაქვს. ჩემი ხელით გავაკეთე კანალიზაცია. იქ, რომ გადავიდე ბავშვებს სასმელი წყალი უნდა ვუყიდი, მაგის ფული არ არის. რაც შეეხება მეორე ბინას, რომელიც გადმომცეს, ის ერთოთახიანი ჩემი ქალიშვილის არის. მე ამდენი ბავშვით იმ ერთ ოთახში ვერ დავეტევი. ბინა რომ გადმომცეს, იმ გადაცემაშიც ვთქვი, მაგრამ ეგ ნაწილი ამოჭრეს. მე დასამალი არაფერი მაქვს. დახმარების ნაცვლად მაგ გადაცემით გამოვიდა, რომ პირიქით, ხალხის მხრიდან აქეთ გავილანძღე.”, – ამბობს “პრაიმტაიმთან” საუბრისას ლალა ცინდელიანი.

პრაიმ ტაიმი