თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, 2018 წლის 1 იანვრიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით, გასამრჯელოს სახით 49.920 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, დავით კუხალაშვილმა, იურიდიული საქმიანობიდან 6.300 აშშ დოლარი.
მიმდინარე წლის 27 თებერვალს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ტალიაშვილს ოჯახის მფლობელობაშია – 3 საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი თბილისში, 1 საცხოვრებელი ბინა მოსკოვში, საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი ბორჯომში.
ასევე, ოჯახის საკუთრებაშია – მერსედესი GL 450, 2006, რომლის ღირებულებაც, ამავე დეკლარაციის მიხედვით 45.000 ლარია.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, თამარ ტალიაშვილს, მოსკოვის Альфа-Банк- ში ორი ანაბარი აქვს გახსნილი. ერთი ანაბარის ოდენობა – 41.538,6914 აშშ დოლარია, მეორე – 21.219,2402 აშშ დოლარი, ამავე ბანკში, ტალიაშვილს, მიმდინარე ანგარიშზე – 9.626,96 აშშ დოლარი აქვს. ასევე, მოსკოვის როსბანკი-ში აქვს ტალიაშვილს 29.851,8594 აშშ დოლარი.
საერთო ჯამში, საკრებულოს დეპუტატი, მოსკოვის ბანკებში – 102.236.751 აშშ დოლარზე მეტ თანხას ინახავს.
როგორც ირკვევა, დეპუტატი, არც ქართულ ბანკებთანაა მწყრალად განწყობილი და მას „თიბისი“ ბანკის ანაბარზე 36.034,73 ევრო აქვს, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე – 33.681 ლარი.
რაც შეეხება ტალიაშვილის მეუღლეს – მასაც, მოსკოვის Альфа-Банк- ში აქვს ანგარიშები. კერძოდ, ანაბარზე – 41.621,75 აშშ დოლარი, ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე – 8 000 რუსული რუბლი, ხოლო მოსკოვის როსბანკი-ში 153.456,02 აშშ დოლარი, რაც საერთო ჯამში – 195.198.77 აშშ დოლარია.
რაც შეეხება ქართულ ბანკებს – ტალიაშვილის მეუღლეს, საქართველოს ბანკის ანაბარზე – 100.000 აშშ დოლარი აქვს, პრემიუმზე – 110.598 აშშ დოლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე 382 აშშ დოლარი.
რაც შეეხება თამარ ტალიაშვილის 9 წლის ვაჟს – მას, ანგარიშზე, მოსკოვის Альфа-Банк- ში ორი ანაბარი უფიქსირდება, ორივე 42.624,24 აშშ დოლარი ოდენობის.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ტალიაშვილის ოჯახს, მოსკოვის ბანკებში – 382.434.751 აშშ დოლარი აქვთ, ხოლო ქართულ ბანკებში დაახლოებით – 251.992.5 დოლარი. საერთო ჯამში ტალიაშვილის ოჯახის კუთვინლებაში, დაახლოებით 634.427.251 აშშ დოლარია, რაც ვალუტის დღევანდელი კურსით – 1,690, 748.7634 ლარია.
მხარე.გე

