ირაკლი კობიაშვილი ძგიდის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა – მიხეილ ხუჯაძე კომენტარს არ აკეთებს

რამდენიმე დღის წინ, 40 წლის მამაკაცი ძგიდის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“  გახდა ცნობილი, ირაკლი კობიაშვილი „ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში“ ალერგიის შედეგად ანაფილაქსიურ შოკში ჩავარდა, რადგან საანესთეზიო მასალის გამოყენებამდე, შესაბამისი სინჯი გაკეთებული არ ჰქონდა.

ირაკლი კობიაშვილი 11 დღე ტვინის შეშუპებით რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. რეანიმატოლოგების მცდელობის მიუხედავად, მედიკოსებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

„პრაიმტაიმმა“ ინფორმაციის გადამოწმება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან სცადა. მართალია,  მათ ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა გვითხრეს, რომ ირაკლი კობიაშვილი ოპერაციის წინა მოსამზადებელ პერიოდში კლინიკაში მარტო არ დადიოდა და დაზუსტებით იციან, რომ მისთვის საანესთეზიო მასალაზე წინასწარი სინჯი ალერგიულობის განსაზღვრისათვის არც არავის გაუკეთებია და არც შესაძლო გართულებების თაობაზე მიუწოდებიათ  მედიკოსებს ინფორმაცია.

ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვილის ოჯახი სისტემური ცვლილებებისათვის ბრძოლას აპირებს, რათა მომაკვდინებელი სტანდარტი შეიცვალოს და სხვა პაციენტების უსაფრთხოება დაცული იყოს.

„პრაიმტაიმი“ კლინიკის დამფუძნებელს დაუკავშირდა. როგორც ქირურგმა, მიხეილ ხუჯაძემ განმარტა, ის კომენტარს არ აკეთებს, რადგან ქირურგია და ირაკლი კობიაშვილის მსგავსად, ტრაგედიები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება.

„ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ქირურგი ვარ და სინჯებს მე არ ვაკეთებ. თუ გნებავთ, გარდაცვლილის ოჯახის წევრების კომენტარს დაუჯერეთ, თუ არ გნებავთ – გაეცანით გაიდლაინებს, მერე ნახავთ რა არის სწორი და რა  – არასწორი. რა თქმა უნდა, ცალსახად დიდი ტრაგედია დატრიალდა, მაგრამ ეს ამერიკაშიც და საქართველოშიც ხდება“.

იმის გამო, რომ კლინიკის დამფუძნებელმა და ქირურგმა უარი განაცხადა კომენტარზე, „პრაიმტაიმი  გარდაცვლილი ირაკლი კობიაშვილის ექიმ-ანესთეზიოლოგს დაუკავშირდა. როგორც დავით კაპანაძემ აღნიშნა, გაიდლაინის მიხედვით, თუ ანამნეზის შეკრებისას, პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ალერგია არ აღენიშნება მაშინ სინჯის გაკეთება სავალდებულო არ არის, რადგან შესაძლოა, გამოიწვიოს ანაფილაქსიურ შოკში, ესაა პროტოკოლის შესაბამისად და არა ჩვენი გადაწყვეტილებით.

მხოლოდ გარდაცვლილ პაციენტს კი არა, თითოეულ პაციენტს  დეტალური ინფორმაცია ეძლევა ოპერაციის მიმდინაროებისას შესაძლო გართულებების შესახებ ქირურგის, ანესთეზიოლოგის, თერაპევტის მიერ“ – „პრიმტაიმს“ ექიმმა-ანესთეზიოლოგმა განუცხადა.

„პრაიმტაიმი“ იურისტს დაუკავშირდა. როგორც იურიდიული კომპანიის „GS & Barristers” დირექტორმა, გიორგი სიბაშვილმა აღნიშნა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა პირველ რიგში, რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართონ, რათა საექიმო შეცდომის დადგენა აღნიშნული უწყების პრეროგატივაა.

„არსებული გაიდლაინების მიხედვით, პაციენტს, რომელსაც უკეთდება ანესთეზია და არსებობს ინტოქსიკაციის ან ალერგიის გამოწვევის ალბათობა, აუცილებელია გაკეთდეს წინასწარი კვლევა ანუ სინჯი. ასევე, კლინიკაში უნდა არსებობდეს, პაციენტის ინფორმირებულობის ხელმოწერილი დოკუმენტი“ სხვა შემთხვევები საექიმო შეცდომად განიხილება“ – განაცხადა ადვოკატმა გიორგი სიბაშვილმა.

პრაიმ ტაიმი

დატოვეთ თქვენი კომენტარი