ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახალსოფლის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ნინი ქარსელაძის კონცერტის გამართვას გეგმავს, რისთვისაც მომღერალს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6249 ლარს გადაუხდიან.
ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის შესაბამისი ბრძანება On.ge-მ გამოაქვეყნა. „რეგინფო“ მერს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ბრძანებაში მითითებული თანხა 6.249 ლარი შეცდომით არის ჩაწერილი და რეალურად, ნინი ქარსელაძე-ჟორდანიასთვის 4.000 ლარის გადახდას აპირებენ. როსტომ სესიაშვილის თქმით, ამ თანხაში ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ჰონორარიც შედის.
ყვარლის მერის განმარტებით, ნინი ქარსელაძისა და „ქუჩის ბიჭების“ მოწვევა ადგილობრივების მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა.
„მაგალითად, გავაზის სახალხო დღესასწაულზე „ნიკოლშოუ“ ჩამოდის, ჭიკაანის სახალხო დღესასწაულზე – ნოდიკო ტატიშვილი და ა.შ. მომღერლები ჩამოდიან იმის მიხედვით, თუ რა სურს ადგილობრივ მოსახლეობას. მეტნაკლებად კვლევას ატარებენ ადგილობრივი წარმომადგენლები. გასულ წელსაც იყვნენ ჩამოსულები „ქუჩის ბიჭები“, გავაზში. წელს მარტო ნინი ქარსელაძე არ იმღერებს, ჩამოდიან „ქუჩის ბიჭებიც“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.
ახალსოფლის სახალხო დღესასწაული 30 აპრილს აღინიშნება.
რეგინფო

