სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ბრალდებით კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ბექა ხალათაშვილი დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ხალათაშვილი სიღნაღის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ხარჯებით 2019 წლის 15 აპრილს კონცერტის გამართვა შესთავაზა. თანხმობის მიღების სანაცვლოდ, ორგანიზატორი საჯარო მოხელეს ქრთამის სახით 2.500 ლარის გადახდას დაჰპირდა და გზავნილის სახით გადაურიცხა, რის შემდეგაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ხალათაშვილი კახეთში კულტურულ ღონისძიებებს წლების განმავლობაში უკეთებდა ორგანიზებას. რეგიონში თბილისიდან ცნობილი მომღერლები და მსახიობები ჩაყავდა და მათი მონაწილეობით კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს აწყობდა. ცნობილ სახეებს შორის არიან ნინი ბადურაშვილი, თამუნა ამონაშვილი, ქეთი გომართელი, ოთო ნემსაძე და სხვები.
პროდიუსერი წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხიდანაა. ჰყავს მეუღლე და შვილი. ხალათაშვილის მეუღლე, მომღერალი მარი მამისმედიშვილია.
რადგან ხალათაშვილის დაკავება სიღნაღში 15 აპრილს ჩასატარებელ კონცერტს უკავშირდება და მან ქრთამი კულტურის სამსახურის უფროსს გადაუხადა, AMBEBI.GE დაუკავშირდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს გოგი გოგილაშვილს:
“ჩვენს კულტურის განყოფილებას ღონისძიებების დაგეგმვა და კონცერტების პროდუსერობა შესთავაზა, თანხის მიცემის სანაცვლოდ. სიღნაღის მერია არასოდეს დავუშვებთ მსგავს უკანონობას. ბუნებრივია ამ საქმით დაინტერესდნენ შესაბამისი სამსახურები და მათ კანონის ფარგლებში იმოქმედეს” – განაცხადა გოგი გოგილაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.
საქმეზე გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბექა ხალათაშვილს სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.