ილია ელოშვილი – თბილისის მერიამ კომპანია „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა

ილია ელოშვილი - თბილისის მერიამ კომპანია „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყვიტათბილისის მერიამ კომპანია „ნილს,“ რომელიც დედაქალაქის ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამის შესახებ  განცხადება თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა გააკეთა.

ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი კომპანია „ნილის“ მიერ უხარისხო საკვების მიწოდება და მისი საბავშვო ბაღებში დაგვიანებით მიტანა გახდა. ცნობილია,  რომ აღნიშნულ კომპანიას ყადაღა ადევს, რის გამოც  ბაღების კვების პროდუქტებით მომსახურებას სათანადოდ ვერ ახერხებს.

„ბოლო პერიოდამდე საკმაოდ წარმატებით  ასრულებდა „ნილი“ თავის მოვალეობას, რასაც ვერ ვიტყვით, რა თქმა უნდა, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში. არის მუდმივი შეფერხებები, ხდება დაგვიანებით საკვების მიტანა. საკვები ხშირ შემთხვევაში იყო უხარისხო და შეუძლებელი იყო მისი გამოყენება და ამიტომ მოგვიწია მისი ჩანაცვლება. ჩვენ ვაკვირდებოდით, გაფრთხილებაც მივეცით კომპანია „ნილს,“ მაგრამ უნდა ითქვას, რომ ისევ ანალოგიური მდგომარეობაა, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ შეუწყდეს ხელშეკრულება.

ამისი სრული მზადყოფნა ჩვენ გაგვაჩნია და გვაქვს ყველანაირი კონტრაქტუალური საფუძველი და უკვე უახლოეს რამდენიმე დღის განმავლობაში, შეიძლება კვირისაც, თვითონ ბაღები განახორციელებენ ავტონომიურად შესყიდვებს,“- განაცხადა ელოშვილმა.