“ლევან ვასაძე ხელისუფლების დამხობას ვერ შეძლებს – სხვისი საჯდომების სადარაჯოზე დგომა უხერხულია”

"ლევან ვასაძე ხელისუფლების დამხობას ვერ შეძლებს - სხვისი საჯდომების სადარაჯოზე დგომა უხერხულია"ქვეყანაში უცნაური რამეები ხდება – რაინდი ლევან ვასაძე ხელისუფლებას დამხობით ემუქრება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თბილისში გეიაღლუმი გაიმართება. გეიაღლუმის წინააღმდეგ გამოდის ქართული მარშიც და წესით ისინი ვასაძესთან უნდა გაერთიანებულიყვნენ, მაგრამ მათ შორის დიდი შუღლი ჩამოვარდა. გამორიცხული არაა, გეიაღლუმის მონაწილეების ნაცვლად ერთმანეთი დაარბიონ.
რატომ ემუქრება ვასაძე ხელისუფლებას, გველოდება თუ არა საჯდომების რევოლუცია, რა უნდა გადაიკითხოს რაინდმა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
– ლევან ვასაძე პოლიტიკაში შემოდის და ხელისუფლებას დამხობით ემუქრება. შარშან თქვენ ჩვენთან საუბარში თქვით, რომ ის პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვა, თუ რუსეთიდან მყარ გარანტიებს მიიღებსო. მიიღო მან ეს გარანტიები?
– ბატონი, გნებავთ, რაინდი ვასაძე ფრიად არაორდინალური ფიგურა გახლავთ. ის კონკრეტულ თარიღებთან მიმართებაში აქტიურდება. ახლაც კონკრეტულ თარიღთან გააქტიურდა და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გარანტიები თუ დავალებებიც მიიღო.
ის ფრთხილი და პოლიტიკურად მშიშარა გახლავთ და მყარი გარანტიები რომ არ ჰქონოდა, ამ პროცესებში არ ჩაერთვებოდა.
მიმართვა, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას არეულობით და დამხობით დაემუქრა, საკმაოდ მრავლისმეტყველია.
– რატომ არის მრავლისმეტყველი?
– იმიტომ, რომ მის პოლიტიკურ ლექსიკას ასეთი რადიკალიზმი არ ახასიათებს.
თავის მიმართვაში ძალიან საინტერესო რამე ბრძანა, განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს გაეროს ეგიდით ჩასატარებელ გეიაღლუმს და ამიტომ უჭერს მხარს მას საქართველოს ხელისუფლებაო. ხელისუფლების წარმომადგენლებს ისიც უთხრა, ღმერთი არ გაგიწყრეთ და ეს გარყვნილების ზეიმი არ ჩაატაროთო.
ისე წარმოაჩინა, თითქოს დასავლეთი უჭერს მხარს გარყვნილებას. ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას რუსეთი. ბატონი ვასაძე და მისი თანამებრძოლი დუგინი დიდი ხანია, მესამე რომის აღდგენაზე მუშაობენ.
როდესაც ვასაძე დასავლეთის გარყვნილებაზე საუბრობს, ურიგო არ იქნება თუ კარგად წაიკითხავს რუსულ ისტორიულ წყაროებს. ეჭვი მაქვს, რომ მას ეს ყველაფერი წაკითხული აქვს, მაგრამ მაინც გარყვნილ დასავლეთზე საუბარობს.
წაკითხული თუ არ აქვს, მე შემიძლია ვუთხრა, რას წერენ წყაროები.
ძალიან ბევრი მასალა არსებობს პეტრე პირველის და ივანე მრისხანეს ჰომოსექსუალურ თავგადასავლებზე.
ორივე მათგანს რუსეთის იმპერიის შექმნაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, მათ ჰქონდათ ჰომოსექსუალური მიდრეკილებები, მაგრამ გარყვნილი მაინც დასავლეთია.
იმ დროს, როდესაც დასავლეთში ჰომოსექსუალიზმი მიუღებელი იყო, რუსეთში ფართოდ იყო გავრცელებული. ევროპელები გაოგნებულები აღწერდნენ იმას, რაც მაშინ რუსეთში ნახეს. წყაროებში ნათლად წერია რომ ჰომოსექსუალიზმი ფართოდ იყო გავრცელებული როგორც თავადებში და სამეფო კარზე, ასევე გლეხებში.
რა გამოდის, რუსეთი იმაში სდებს ახლა დასავლეთს ბრალს, რითაც საუკუნეების წინ თავად გააოცა ევროპა.
ბატონ ვასაძეს ასევე არ უნდა გაუჭირდეს იმ წყაროების მოძიება, სადაც რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში ჰომოსექსუალიზმის ფაქტებზე წერია. არც გოლიცინის ამბებია ძნელი მოსაძიებელი. და ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ მასალებისა, რისი მოძიებაც რუსულ ისტორიულ წყაროებში შეიძლება.
– ამ ყველაფრის მერე რანაირად იღებენ რუსები და მათი ემისრები ხმას დასავლურ გარყვნილებაზე?
– ძალიან მარტივად. ცნობილია ფაქტია, რომ ჰომოსექსუალებს ყველაზე აგრესიულად ის ხალხი ებრძოდა, ვისაც თავად ჰქონდა ასეთი მიდრეკილებები. ამის ნათელი მაგალითია საბჭოთა კავშირის ენკავედეს უფროსი, სისხლიანი 37 წლის ერთ-ერთი შემოქმედი, ეჟოვი.
ის ყველაზე დაუნდობლად და აგრესიულად ებრძოდა ჰომოსექსუალებს. ამ დროს თავად ჰქონდა ასეთი მიდრეკილებები.
რუსეთისთვის ეს მიდრეკილებები არც ახლა არის უცხო. 2006 წელს რუსეთის ეკლესია ძალიან სერიოზულ სექსუალურ სკანდალში გაეხვია. ამ სკანდალში ფიგურირებდა რამდენიმე მღვდელმთავარი. მათ შორის იყო რუსეთის დღევანდელი პატრიარქი კირილი.
რამდენიმე წლის წინ რუსეთის პრესიდენტ პუტინს ჰკითხეს, თუ როგორ უყურებდა ის ჰომოსექსუალებს. მან თქვა, რომ ამ ადამიანების მიმართ არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება არ არის.
პუტინმა თქვა, რომ ასეთი ადამიანები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და მათ საკმაოდ ხშირად აჯილდოვებენ.
რაზე მიდის ამ შემთხვევაში საუბარი, საით გვექაჩება ბატონი ვასაძე. აქ ცხადია იმაზე არაა ლაპარკი, რომ შეიძლება გქონდეს ან არ გქონდეს რაღაცის მიუღებლობა. სხვისი სექსუალური ორიენტაცია ხელისუფლების დამხობის წინაპირობად როგორ უნდა გამოაცხადო, არ მესმის.
2013 წელს 40.000-იანი მარში რომ ჩაატარეს და ტაბურეტებით სდიეს 30 ადამიანს, ეს არის სიძლიერე? ან რა უბედურებაა სხვისი უკანალის სიწმინდის დაცვა. ასეთი რამე არსად გამიგია.
– სხვისი უკანალის სიწმინდის დაცვა მართლა უცნაურია,. მაგრამ ის არის საკითხავი, სხვისი უკანალის დარაჯნი რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. არადა ორივე გეიაღლუმის ჩატარების წინააღმდეგია.
– რა ხდება და გავლენებს ვერ ინაწილებენ. ცდილობენ, პირველები იყვნენ იმ მოედანზე, სადაც ოპერირებენ. მათ ერთი პატრონი და ერთი დამფინანსებელი ჰყავთ. ბუნებრივია, უნდათ, რომ რაც შეიძლება მეტი დაფინანსება მიიღონ.
რაც მეტი ადამიანი მოინდომებს ამ მოედანზე შესვლას, მით მეტად გამოჩნდება რაღაც-რაღაცები.
– მოდით, ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლას დავუბრუნდეთ. სერიოზულად მოდის ეს ადამიანი პოლიტიკაში?
– მაქვს კულუარული ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ის შემოდგომაზე აპირებდა გააქტიურებას. პოლიტიკაში მოსვლა მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული. ვასაძე იმას გააკეთებს, რასაც პატრონები ეტყვიან.
თქვენ გგონიათ, ის თავისი ჯიბის ფულს დახარჯავს? მის უშუალო შეფს და სიყრმის მეგობარს, ევტუშენკოვს, დაავალებენ და ის მისცემს მას ფულს. რაინდისთვის ფულის გამოყოფას სხვებსაც მოსთხოვენ. ვასაძემ ეს ფული უნდა გამოიყენოს პოლიტიკური აქტივობისთვის. “სამოხელი პირველიდან” გაყიდული ჩოხის ფულით პოლიტიკურ მოღვაწეობას ნაღდად არ დაიწყებს.
– შეძლებს ვასაძე რაიმე სერიოზული შედეგის დადებას?
– სერიოზული შედეგის დადებას ვერ შეძლებს, მაგრამ სიტუაციის არევა ყოველთვის შეიძლება.
ქართული საზოგადოება დღეს არ არის იმისთვის მზად, რომ თუნდაც ამ თემის გამო დაიწყოს რევოლუცია. გეიაღლუმი არ არის ის თემა, რომელიც ბატონ ვასაძეს ქართველი ერის ლიდერად აქცევს.
პოლიტიკოსებს არაერთხელ დაუბოლებია ჩვენი ხალხი. დაპირებიან, გაყინულ ანაბრებს დაგიბრუნებთ ან სოციალურ შემწეობებს გაგიზრდითო.
ვასაძე ვერ დაგვაბოლებს, სამაგიეროდ, სერიოზულად მიდის ჩვენი დაბოლება მიუმხრომლობასთან დაკავშირებით. გვიმტკიცებენ, რომ ეს ყოფილა საქართველოსთვის გამოსავალი.
ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ 1918 წელს საქართველომ თავის თავი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა, მაგრამ 1921 წელს რაც გაგვიკეთეს, ყველას გვახსოვს.
არავინ მითხრას, რომ ახლა სხვა პოლიტიკური მოცემულობაა, ან რუსეთი შეიცვალა.
რუსეთის შეცვლა შეუძლებელია, ისევე, როგორც დაუჯერებელია, რომ რაღაც სიწმინდეს იცავენ. ეს არის იდეოლოგიური თამაში. ლიბერალიზმის წინააღმდეგ ან აღვირახსნილი ჰომოსექსუალები ილაშქრებენ ან ლატენტური. ეს იდეოლოგია ასეთი ადამიანების მიერ არის შექმნილი.
საქართველოშიც არიან ასეთი ადამიანები. ჩვენი საზოგადოების ნაწილი ხმალამოღებული იცავს სხვისი უკანალის სიწმინდეს. არადა, ეს ადამიანები ფეხქვეშ ეგებოდნენ იმ ჰომოსექსუალებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებაში სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობები ეკავათ.
ქართველი ადამიანი არის საკმაოდ გონიერი და ასეთ პროვოკაციებს არ წამოეგება. ვინც არ არის გონიერი, მან კათარზისი, ხიფათის გზა უნდა გაიაროს. რანაირად ვუთხრა მე ამ ხალხს, წიგნი წაიკითხე და ისტორიული წყაროები მოიძიეთ-ქო.
ქართულ ტრადიციებს რომ აწვებიან, რანაირი კაცობაა, ვიღაცის საჯდომის სადარაჯოზე დადგე ქუჩაში, მერე ამით ქულები დაიწერო და პოლიტიკაში მოხვიდე. ყველამ თავის თავს მიხედოს.
ტერიტორიები გვაქვს დაკარგული, ბავშვები შიმშილით იღუპებიან და ამ დროს ვიღაცის საჯდომის გამო გინდა ხელისუფლების დამხობა, ეს, სხვა თუ არაფერი, სასაცილოა.
– ამ თემით შეიძლება “ოცნებას” ვერაფერი დააკლოს, მაგრამ სხვა თემების გამოყენებით თუ შეუძლია ვასაძის ხელისუფლების დამხობას?
– რისი შემძლებია. გეუბნებით, პოლიტიკურად ერთი მშიშარა ადამიანია, რომელსაც აქცს რაღაც ვალდებულებები და იმ ვალდებულებების ფარგლებში მოქმედებს. ბედნიერებაც კი ვერ მოძებნა ამდენი ხანი. დღემდე გაიძახის, ვეძებო.
– არის ასეთი ვერსიაც, რომ ის და ივანიშვილი შეკრულები არიან და ყველაფერი შეთანხმებულად კეთდება. მათ კავშირს გამორიცხავთ?
– რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ. ვასაძესთან ყველაზე დიდ პრორუსებსაც კი ვერ ექნებათ რაიმე კავშირი.
– რატომ?
– ძალიან დიდი ამბიციები აქვს და ზღვარგადასული ქედმაღლობით გამოირჩევა. ერთ რამეს ვურჩევდი ვასაძეს, რომ მივიდეს ევტუშენკოვთან, რომელმაც თავის დროზე დიდი ფული აშოვნინა და სთხოვოს, რომ პოლიტიკაში ნუ გარევს.
რაინდისთვის ძალიან შეუფერებელია, როცა სხვისი საჯდომის დაცვის ხარჯზე მოდიხარ პოლიტიკაში.
– ფიქრობთ, რომ საჯდომების დაცვის რევოლუცია არ იქნება?
– არა. მინდა გავაწბილო ამ სადარაჯოზე მდგომები – პოლიტიკური წარმატება ვერ ექნებათ. საქართველოს ბევრად მეტი პრობლემები და გამოწვევები აქვს, ვიდრე სხვისი საჯდომების მწყემსვაა.
– თან გავარკვიეთ, რომ რუსეთი, საიდანაც არის ნაკარნახევი ეს ყველაფერი, ბევრად უფრო სექსუალურად გადახრილი ყოფილა, ვიდრე გარყვნილი დასავლეთი.
– ამის დამადასტურებელი არაერთი მაგალითი მოგიყვანეთ და კიდევ შემიძლია ჩამოთვლა, მაგრამ აკაკი წერეთლის ერთი ლექსით შემოვიფარგლები, რომელიც მას რუსეთში ნანახმა დააწერინა:
ვნახე რუსეთი,
ველნი, ვაკენი,
ქალნი უნიფხვო,
კაცნი მაკენი.
ვინმე ფიქრობს, რომ კაცნი მაკენი აკაკიმ იმიტომ დაწერა, რომ სმისგან მუცელი ჰქონდათ გაბერილი? არა, ბატონო. აკაკიმ მათი ჰომოსექსუალური მიდრეკილებები იგულისხმა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა