ქუთაისელმა მოსწავლეებმა გამოსაშვებ ბანკეტზე უარი თქვეს და ბოლო ზარი ზესტაფონის ბავშვთა სახლში აღნიშნეს

ქუთაისელმა მოსწავლეებმა გამოსაშვებ ბანკეტზე უარი თქვეს და ბოლო ზარი ზესტაფონის ბავშვთა სახლში აღნიშნეს,,ბედნიერება მაშინაა სრულყოფილი, როცა სხვას უზიარებ,” – ამ მოტივით ქუთაისში მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბანკეტზე უარი თქვეს.

ოცდაერთმა გოგო-ბიჭმა ასევე უარი თქვა ფერად-ფერად სამოსზე, წვეულებაზე, ფოიერვერკზე და ბოლო ზარიც ზესტაფონის  ბავშვთა სახლში აღნიშნეს.

,,ეს იყო ერთ დღეში მოსული ასი ბედნიერება, რომელსაც ალბათ ვერცერთ წვეულებაზე ვიგრძნობდი,” – ამბობს ნაზი ბალანჩივაძე, რომელმაც კლასელების მსგავსად არჩევანი 40 ბავშვისთვის სიხარულის მინიჭებაზე გააკეთა.

მე 12 – ა კლასის მოსწავლეები ბავშთა სახლში სტუმრობისთვის ორი კვირა ემზადებოდნენ: ერთმანეთში თანხას კრებდნენ, საჩუქრებს, ტკბილეულს და ტანსაცმელს არჩევდნენ.

,,ყველა ველოდით ამ დღეს.  ბოლოს ერთ დიდ ავტობუსში მოვთავსდით და ასე ჩავედით ზესტაფონში პედაგოგებთან ერთად. ჩვენი სტუმრობით ეს  ბავშვები ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ არასოდეს დამავიწყდება მათი ვარსკვლავებიანი თვალები,” – ამბობს კურსდამთავრებული მარი მესხორაძე.

არც ვარსკვალვთვალებიანები აღმოჩენილან ცუდი მასპინძლები და მოსწავლეებისთვის საჩუქრები დაუხვედრებიათ – გულის ფორმებად ამოჭრილ ფურცლებზე დაწერილი კეთილი სურვილები.

,,გვთხოვეს რომ ეს ბარათები შევინახოთ და როცა მათთან მივალთ ხოლმე მივიტანოთ. ჩვენც შევთანხმდით, რომ აუცილებლად შევინახავთ ამ წერილებს და ბავშვებს ხშირადაც  ვინახულებთ, ” – ამბობს კურსდამთავრებული ნაზი ბალანჩივაძე.

,,ერთად ვცეკვავდით პატარებიც და დიდებიც. ყველაფერი მართლა ზღაპრულ, კეთილ წვეულებად იქცა” –  ამბობენ სკოლის მოსწავლეები.

ქუთაისელმა მოსწავლეებმა გამოსაშვებ ბანკეტზე უარი თქვეს და ბოლო ზარი ზესტაფონის ბავშვთა სახლში აღნიშნესროგორც მე – 12 ა კლასის დამრიგებელი ნანა გოგოლაშვილი ყვება ეს არ არის ერთადერთი ღონისძიება, რომელიც მისი კლასის მოსწავლეების ორგანიზებით მოეწყო.

,,სხვა დროსაც აწყობდნენ ბავშვები ასეთ აქციებს. ერთხელ სოფელ მაღლაკში წავედით და სოციალურად დაუცველ ოჯახს მათთვის საჭირო ნივთები ჩავუტანეთ. თავად მოსწავლეები იყვნენ ამ ყველაფრის ინიციატორები, ჩვენ კი მათ ვეხმარებოდით” – ამბობს  ნანა გოგოლაშვილი.

თავად მოსწავლეები გვიხსნიან, რომ მათი გადაწყვტილების მიზანია სიკეთე კიდევ უფრო გადამდები გახადონ.

“რადგან ბედნიერება ნამდვილად გაზიარებული ქმედებაა,” – ამბობს მარიამ გულიაშვილი, რომელმაც თანატოლებთან ერთად ბოლო ზარი ქველმოქმედებად აქცია.

ქუთაისიპოსტი

ქუთაისელმა მოსწავლეებმა გამოსაშვებ ბანკეტზე უარი თქვეს და ბოლო ზარი ზესტაფონის ბავშვთა სახლში აღნიშნეს