სად წაიღო პოლიციამ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ძვირადღირებული მანქანები

პოლიცია„ინტერპოლის მოთხოვნით მესაკუთრეებს ართმევენ მანქანებს ისე, რომ კანონს არღვევენ“, – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე. კანონის დარღვევად იურისტი სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ მოქალაქეებს ავტომანქანებს ართმევენ და შემდეგ თვეობით, ან წლობით პოლიციის განყოფილებების ეზოებში აჩერებენ.

საუბარია მსუბუქ ავტომანქანებზე, რომლებიც ძირითადად ევროპის ქვეყნებში მოიპარეს, ან თაღლითური გზით მიითვისეს, შემდეგ საქართველოში ჩამოიტანეს და გაყიდეს. ადვოკატის მტკიცებით, კეთილსინდისიერ მყიდველებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ართმევენ მანქანებს და წლების განმავლობაში განმარტებასაც კი არ აძლევენ.

ადვოკატის მონაცემებით, მსგავსი სქემით დაზარალებულია ათეულობით მოქალაქე. ბოლო შემთხვევა კი თურქეთის მოქალაქე იყო – მუსტაფა თულიჩმუ, რომელმაც ავტომანქანა იტალიაში შეიძინა და ბათუმში ჩამოართვეს. პროკურატურას არც მისთვის განუმარტავს, რატომ ჩაითვალა არაკეთილსინდისიერ მყიდველად, ან სად წაიყვანეს მისთვის ჩამორთმეული BMW.

სამი წლის წინ „ტოიოტა ლექსუსი“ ჩამოართვეს ბიზნესმენ ირის ბორჩაშვილსაც. მან ეს მანქანა 2002 წელს შეიძინა. ხელვაჩაურის პროკურატურამ ირის ბორჩაშვილის ავტომანქანა მისი გაყიდვის დროს ამოიღო.

ადვოკატი ედიშერ მახარაძე განმარტავს, რომ ავტომანქანის კანონიერი მესაკუთრისთვის ჩამორთმევას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება, რაც მსგავს შემთხვევებში არ არსებობს. იურისტი მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლზე, რომელიც უშვებს „გადაუდებელი აუცილებლობის“ შემთხვევასაც, თუმცა ამ დროს სასამართლომ პოსტფაქტუმ უნდა იმსჯელოს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაზე და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

„ვერ ვდაობთ, რადგან არავითარი საფუძველი და დოკუმენტი ამ მანქანების ჩამორთმევაზე არ არსებობს,“ – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე. მისი თქმით, ამ გზით მოქალაქეებს სამართლებრივი დავის უფლება შეუზღუდეს. მისივე თქმით, შესაძლოა, მოქალაქეებმა ადმინისტრაციული წესით იდავონ პროკურატურის წინააღმდეგ.

რა ადასტურებს იმას, რომ კანონიერი მესაკუთრეები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ავტომანქანები ჩამოართვეს? – იურისტის განმარტებით, სადავო შემთხვევებზე გაცემულია ტექნიკური პასპორტები, რაც გამყიდველის და მყიდველის სარეგისტრაციო სამსახურისადმი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე გაიცემა.

რა სამართლებრივი საფუძვლით ჩამოართვეს და სად წაიყვანეს ავტომანქანები? – კითხვებით პროკურატურის პრესცენტრს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ პროკურატურა ჩამორთმევის პროცესში ჩართული იყო, მაგრამ გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. პროკურატურას არც ჩამორთმეული ავტომანქანები დაუტოვებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში კი განმარტეს, რომ ავტომანქანები დალუქულ მდგომარეობაშია, მათ შორის, ხელვაჩაურის პოლიციის ეზოშია ირის ბორჩაშვილისთვის სამი წლის წინ ჩამორთმეული ავტომანქანაც. შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გამოძიება ინტერპოლისგან ელოდება გადაწყვეტილებას ძებნის შეწყვეტის, ან კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების შესახებ.

„ამ გადაწყვეტილების გარეშე საქმის გამოძიება ვერ დასრულდება და მანქანა ვერავის დაუბრუნდება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის შესაბამისად,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. [362-ე მუხლი ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის, ან ბლანკის დამზადება, გასაღებას, ან გამოყენებას გულისხმობს.]

რა გახდა მოქალაქეებისთვის ავტომანქანების ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი და რატომ არ იმსჯელა ამ შემთხვევებზე სასამართლომ?

„ამ მანქანის ჩამორთმევის საფუძველი იყო ის, რომ ინტერპოლის მიერ გამოცხადებული იყო ძებნა და შესაბამისად, დაილუქა მანქანა და დაიწყო გამოძიება,“ – გვიპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში. უწყებაში ვერ დაგვიკონკრეტეს, რატომ არ იმსჯელა ამ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე სასამართლომ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში უარი გვითხრეს, გვენახა და ფოტოები გადაგვეღო ჩამორთმეული მანქანებისთვის, რომლებიც მათივე განმარტებით პოლიციის ეზოშია გაჩერებული. შსს-ში ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ გამოძიების პროცესი არ დასრულებულა და „ეს მანქანები ნივთმტკიცებაა“. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ გვჭირდებოდა ეჭვის გამორიცხვა – შესაძლოა ამ ავტომანქანების საჭეებთან უკვე სხვები ისხდნენ და მანქანა არც თავდაპირველ მესაკუთრეს დაუბრუნეს.

მსგავს შემთხვევაზე „ბათუმელები“ 2010 წელს წერდა – „ბენტლის საქმე“. მაშინ დადასტურდა, რომ სარფის საბაჟოზე ჩამორთმეული ავტომანქანა რეალურად პოლიციის ეზოში კი არ იყო გაჩერებული დალუქულ მდგომარეობაში, არამედ ამ ძვირადღირებული მანქანით სოდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ალექსანდრე გოგლიძე გადაადგილდებოდა.

ჩამორთმეულ ავტომანქანებზე „ბათუმელები“ 2016 წელსაც წერდა. მაშინ კონკრეტულად ორი დაზარალებული ჰყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ დაუსაბუთებლად ჩამოართვეს შეძენილი ავტომანქანები. ერთ-ერთ მათგანს „ბათუმელები“ ახლა დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ავტომანქანა რვათვიანი ლოდინის შემდეგ დაუბრუნეს. მისი ინფორმაციით, ავტომანქანის თავდაპირველ მესაკუთრეს, რომელიც ლიეტუაში ცხოვრობს, თაღლითურმა ჯგუფმა თანხა დაუბრუნა და მან საჩივარი უკან გაითხოვა.

ნეტგაზეთი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...
akhalitaoba.ge © 2017-2019