თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი სამოქალაქო პირია. მისი ახლობლების განცხადებით, ატენში მცხოვრებმა 31 წლის ლევან ჯიოშვილმა სამედიცინო დაწესებულებას მხრის არეში ჩივილებით ორი დღის წინ მიმართა, მოგვიანებით კი ოჯახის წევრებს აცნობა, რომ ფილტვების ანთების დიაგნოზით სტაციონარში მოათავსეს.
გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ლევან ჯიოშვილის მდგომარეობა დღეს გართულდა და რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა, თუმცა, გარდაცვალების მიზეზებზე არაფერი იციან.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის პასუხისმგებელი მორიგე ნელი ჯავახიშვილის განცხადებით, მიმდინარე მკურნალობის ფონზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და განვითარდა უეცარი სიკვდილი.
“31 წლის მამაკაცმა სამხედრო ჰოსპიტალს 2 ივნისს, საღამოს მომართა. პაციენტი შემოვიდა თვითდინებით, რაც შეეხება დიაგნოზს, ფიქსირდებოდა მწვავე პნევმონია მარჯვენა ფილტვის ზედა წილის ტუბერკულომა, საეჭვო სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზი.
მოთავსდა ზოგადი თერაპიის განყოფილების ინტენსიურ ბლოკში. დაწყებული მკურნალობის შედეგად, პაციენტის მდგომარეობა დღემდე სტაბილური იყო, შუადღით კი, 16 საათსა და 20 წუთზე, პალატაში მყოფ სხვა პაციენტს შესჩივლა, რომ თავბრუსხვევას გრძნობდა, მალევე გონება დაკარგა.
დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, უშედეგო აღმოჩნდა, პაციენტის გარდაცვალება დაფიქსირდა 17 საათსა და 30 წუთზე.
გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, ამ ეტაპზე კი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ განვითარდა უეცარი სიკვდილი“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ ნელი ჯავახიშვილმა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაცვლილ მამაკაცს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება. მომხდარის მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.
იპნ

