დავით ქაცარავა – აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კელიებს საპირფარეშოდ იყენებენ

დავით  ქაცარავა - აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კელიებს საპირფარეშოდ იყენებენანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, თუმცა გუშინ, ადგილობრივ მოსახლეობასა და აზრებაიჯანელ მესაზღვრეებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

როგორც ქაცარავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიზეზი ის არის , რომ რამდენიმე დღის წინ აზრებაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან ხატები გამოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს. გარდა ამისა, ქაცარავას თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მონასტრის კელიებს საპირფარეშოდ იყენებენ.

„დავით გარეჯში გუშინ გვიან ღამით ჩავედი და მის მერე აქ ვარ. ვითარება ამ დროისთვის მშვიდი და განმუხტულია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს მესაზღვრეებს, რითვისაც მათ მადლობას ვუხდი. ახლა გამოვედით პატრულირებაზე და ასვლა გვინდა ჩიჩხიტურის ტაძართან იმისთვის, რომ იქიდან გავეცნოთ, თუ რა მდგომარეობაა.

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ხატები უდაბნოს მონასტრებიდან 4-5 დღის წინ გამოიტანეს, თუმცა სამწუხაროდ, საპასუხო რეაგირება მთავრობისგან არ ყოფილა ამ ფაქტთან დაკავშირებით.

საუბარი ძალიან მერიდება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კელიებს საპირფარეშოდ იყენებენ. ეს დადასტურებული ფაქტია. საერთო ჯამში კი შექმნილმა ვითარებამ ადგილობრივ მოსახლეობაზე იმოქმედა, რაც ბუნებრივია. ჩვენი მთავრობის მხრიდან ოფიციალური პოზიცია არ დაფიქსირებულა და საზოგადოებაც ამ საკითხში არ ჩართულა. აქედან გამომდინარე, არც გამკვირვებია ადგილობრივი მოსახლეობის ამგვარი გაბრაზება. გუშინ მოხდა ინციდენტი, ადგილობრივი მოსახლეობა უდაბნოს მონასტერში ჩავიდა, შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც ძალიან პოზიტიურად იმოქმედეს ჩვენმა მესაზღვრეებმა. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაძაბული სიტუაცია განემუხტათ“, – განაცხადა ქაცარავამ.