ეთერ პაპიაშვილი – „ბუბა კუდავას ცოლი ძალიან პროვოკაციულად იქცეოდა, ბავშვები კი ძალიან ხმაურობდნენ”

ეთერ პაპიაშვილი - „ბუბა კუდავას ცოლი ძალიან პროვოკაციულად იქცეოდა, ბავშვები კი ძალიან ხმაურობდნენ"ისტორიკოს ბუბა კუდავას გუშინდელ წერილთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ საოჯახო სასტუმროს იმ მფლობელს დაუკავშირდა, ვისაც ისტორიკოსი თავისი 3 წლის ტყუპი გოგონების სასტუმროდან ხმაურის გამო გამოყრაში ადანაშაულებს. შემთხვევა სტეფანწმინდაში მოხდა. სასტუმროს მფლობელის, ეთერ პაპიაშვილის თქმით, ბუბა კუდავამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

ეთერ პაპიაშვილი: „შოკირებული ვარ იმით, რაც დაწერა ბუბა კუდავამ. ეს არის დიდი ტყუილი, თითქოს მე სასტუმროდან ბავშვები გავყარე სიცილ-კისკისის გამო. მე ეს ოჯახი (დედა, ბავშვები, ძიძა და ქალბატონის მამა) მივიღე ისეთივე პატივისცემით, როგორც ზოგადად ვხვდები ნებისმიერ სტუმარს. ჩვენს სასტუმროში უამრავი ადამიანი ჩამოდის, როგორც უცხოეთიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და მათ შორის, ბევრია ბავშვიანი. ასეთი შემთხვევა ჯერ არასდროს მომხდარა. ჩვენი სტუმრები ყველა კმაყოფილია ჩვენთან სტუმრობით და არც ეროვნების მიხედვით არ ვარჩევთ ხალხს – რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომფორტული სიტუაციის შექმნა პირველ რიგში ქართველებისათვის, მაგრამ ანალოგიურად ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანებისათვისაც.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა – ბავშვები ძალიან ხმაურობდნენ მთელს სასტუმროში, მის კორიდორში, ღამის 12-ის ნახევარზეც, რის გამოც ძალიან შეწუხდნენ სტუმრები და მთხოვეს, რომ ისინი როგორმე გამეჩერებინა. მე მივედი ბავშვების დედასთან და წყნარად და კორექტულად ვთხოვე, ოთახში შეეყვანა ბავშვები, რადგან სტუმრებს ეძინებოდათ და დასვენება სჭირდებოდათ. ქალბატონმა ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და ერთი შენიშვნაც კი არ მიუცია ბავშვებისთვის. ყურადღებაც არ მომაქცია. ასეთი რამ არცერთი მშობლისაგან არ მინახავს ჩვენს სასტუმროში.

ზოგადად, ბავშვების დედა იქცეოდა ძალიან პროვოკაციულად – იმავე დღეს შეურაცხყოფა მიაყენა სასტუმროში მყოფ ტურისტებს, სამზარეულოსთან დაკავშირებით. ტურისტები გაკვირვებულები მეკითხებოდნენ, რა ხდება, ეს სამზარეულო ხომ ჩვენთვისაც არის, რატომ გვეჩხუბება, ქართულად მგონი გვლანძღავს კიდეცო.

მეორე დღეს მეორე სართულზე დამიბარა, ისე იქცეოდა, როგორც სასტუმროს ბატონ-პატრონი. დამიწყო ყვირილი – შენ იცი მე ვინა ვარო? არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ეგ ვისი ცოლია, ჩემთვის ყველა სტუმარი ერთი და იგივეა და ერთნაირად ვექცევი პატივისცემით. ეგაა ელიტა, მაღალი საზოგადოება და ეგაა მაგათი კულტურა? რაკი უბრალო ხალხი ვართ, ამიტომ ასე აგდებით უნდა მოგვექცნენ? ახლა დგანან და მანიპულირებენ ბავშვებით.

სხვათა შორის, მეორე დღეს სხვა სასტუმროში გადავიყვანეთ და არც ჩვენთან ყოფნის ფული არ გამოგვირთმევია, მაგრამ ეგ არ დაწერეს. მე კრედიტი მაქვს აღებული, ვწვალობ რომ ჩემი მცირე ბიზნესი განვავითარო, ყველანაირ პირობებს ვუქმნი სტუმრებს და ამ დროს ბატონი მაბრალებს, რომ თითქის სიცილის გამო გავყარე პატარა ბავშვები სასტუმროდან, ამაზე მეტი ამორალობა რა შეიძლება იყოს?“ – განუცხადა „პრესა.ჯის“ ეთერ პაპიაშვილმა.

„პრესა.ჯი“

ბუბა კუდავა – “სტეფანწმინდაში მეპატრონემ სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა”