ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ხვდება.შეხვდრას ასევე ესწრება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძისთვის წილების გადაცემის საკითხია. როგორც შეხვედრის დაწყებამდე დავით დვალმა აღნიშნა, ისინი მოისმენენ ქიბარ ხალვაშის წინადადებას.
ჩვენ ქიბარ ხალვაშთან არანაირი საუბარი ამ დრომდე არ გვქონია, – ამის შესახებ ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
კითხვაზე, თუ აქვთ რაიმე წინადადება, რომელიც მათი მხრიდან ამ მოლაპარაკების დასაწყისში იქნება გაჟღერებული, ჯარჯი აქიმიძემ უპასუხა, რომ ასეთი არაფერია.
„ჩვენ შევთავაზეთ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი აქტუალურია და ამდენი ხანია მთავარი თემაა, ის, რასაც ჩვენ შემოგვთავაზებენ, გამობრძანდნენ და თვითონ გაახმოვანონ, რათა მერე არ მოჰყვეს ამ ყველაფერს ზედმეტი საუბარი”, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
მისივე თქმით, ჯერ უცნობია, რაზე შეიძლება იყოს საუბარი შეხვედრის ფარგლებში. კითხვაზე, იყო თუ არა დღევანდელი შეხვედრის ინიციატორი ქიბარ ხალვაში, ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა, რომ “ეს იყო შეთანხმების საფუძველზე”.
“ჩვენ არავის დავუბარებივართ. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა პაატა სალიასთან, რომელიც აზუსტებდა დეტალებს და ათანხმებდა შეხვედრის ადგილს და ა.შ. ასე, რომ ჩვენ ქიბარ ხალვაშთან არანაირი საუბარი ამ დრომდე არ გვქონია”, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
იპნ

