ვასაძის მომხრეებს პარლამენტთან თავზე ლგბტ დროშა აუფრიალეს

ვასაძის მომხრეებს პარლამენტთან თავზე ლგბტ დროშა აუფრიალესპარლამენტთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის თავზე ლგბტ დროშა ფრიალებს. დროშა ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა და ის აქციის მონაწილეთა თავზე ამ დრომდე, დრონის საშუალებით ფრიალებს.

ლგბტ თემის დროშის გამოჩენას აქციის მონაწილეთა მხრიდან ხმაური და გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის ლევან ვასაძემ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან მათი თქმით, “ეს ისეთი არაფერია”.

“მათ არასოდეს არაფერი გამოუვათ არც ერთ დროსა და პერიოდში. მაქსიმუმ ასე, სათამაშოებით გამოხატონ ეს ყველაფერი, ჩვენ მშვიდად ვართ. ეს პროვოკაციები, რაღაცას რომ აფრიალებენ, აჩვენებს, სად არის მათი ადგილი. მათი ადგილი ქართულ მიწაზე არ არის” – განაცხადა ლევან ვასაძემ.

როგორც მან აქციაზე შეკრებილებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, პარლამენტთან აქციას არ შეწყვეტენ, ვიდრე არ დადასტურდება ინფორმაცია, რომ „პრაიდი“ აღარ ჩატარდება.

„უამრავი ხალხი მოვიდა. ძალიან კარგია. ვისაც უნდა შემოგვიერთდეს, ვისაც არ უნდა, ნუ შემოგვიერთდება. ჩვენ მშვიდად ვართ. ეს პროვოკაციები, რაღაცას რომ აფრიალებენ, აჩვენებს, სად არის მათი ადგილი. მათი ადგილი ქართულ მიწაზე არ არის. ცაში რომ ცისარტყელა ჩნდება ხოლმე, ჩვენ მანამდეც ვიცოდით და ამის მერეც გაჩნდება ცისარტყელა ქართულ ცაზე. ჩვენთვის ეს არ არის შეურაცხყოფა. ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ მათი უსუსურობის და საცოდავობის დემონსტრირება. ამიტომ, რა ვქნათ ახლა, აქედან ხელები ვუქნიოთ, ვუყვიროთ „ისტერიჩკა“ ქმნილებებივით?! მე პირადად განწყობილი ვარ ძალიან დიდი დადებითი ემოციით, ძალიან მშვიდად ვარ. აქ ვხედავ ჩემს უამრავ მეგობარს, უამრავი ხალხი მოდის სამსახურის მერე. ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ვინმეს დავუპირისპირდეთ.

ამბობენ, რომ ახლა, აქ 19:00 საათზე ვიღაცები მოვლენ, დაგვიპირისპირდებიან. ვინ უნდა დაგვიპირისპირდეს? – მოვიდნენ, რუსეთის ოკუპაციას ვაპროტესტებთ?! კი, ბატონო. მთელი ჩვენი ცხოვრება ვაპროტესტებ რუსეთის ოკუპაციას და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ის შევატრიალო. არ მიმაჩნია, რომ შარვლის ჩახდა და უკანალის ჩვენება დააჩქარებს საქართველოს გამთლიანებას. არ მიმაჩნია, რომ ბილწი და უხამსი სიტყვების ძახილი რამით დაგვეხმარება აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაში. თქვენსავით, თქვენთან ერთად აბსოლუტურად უანგაროდ ვარ თავგადადებული პატრიოტი ჩვენი ქვეყნისათვის“, – განაცხადა ვასაძემ.

იპნ