დიდი არეულობა ტელეიმედში – ირაკლი ჩიხლაძე ჟურნალისტებს განუდგა და ლალიაშვილის მხარეს დადგა

დიდი არეულობა ტელეიმედში - ირაკლი ჩიხლაძე ჟურნალისტებს განუდგა და ლალიაშვილის მხარეს დადგატვ „იმედში“ დიდი არეულობაა. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც არხის ეთერში აგვისტოს ომზე მომზადებული ფილმი გავიდა, სადაც რუსული ნარატივი იყო გატარებული და ასევე, პირდაპირ იყო ხაზგასმული, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო.

ამ ფილმს ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. საბოლოოდ, ფილმზე პასუხისმგებლობა „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილმა აიღო და თქვა, რომ აღნიშნული რეპორტაჟი მისი პროდიუსერობით მომზადდა.

დღეს, დილიდან, „იმედის“ ჟრნალისტები, ლალიაშვილის ამ პოზიციას გაემიჯნენ და ყველა მათგანმა სოციალურ ქსელში ერთდროულად გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის სტატუსი:
„მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“

ეს განცხადება გაავრცელეს არხის სახეებმა – ნანა ლეჟავამ და თეონა გეგელიამაც, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მართალია, „ქრონიკაში“ აღარ მუშაობენ, მაგრამ „იმედზე“ რჩებიან და მათთვის იმ ხაზის გატარება, რომელიც ფილმში იყო, მიუღებელია.
„ნიუპოსტის“ ინფორმაცით, სანამ ჟურნალისტები ზემოხსენებულ განცხადებას გაავრცელებდნენ, ანუ, გუშინ, საღამოს, „იმედში“ გაფართოებული თათბირი გაიმართა.

არხის ჟურნალისტები ნიკა ლალიაშვილს შეხვდნენ და მისგან მოითხოვეს პასუხი, თუ რატომ მოხდა ფილმში აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება.
ჟურნალისტებს ლალიაშვილთან საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონიათ. ერთადერთი, ვინც გენერალური დირექტორის მოადგილის მხარეს დადგა და მის პოზიციებს იცავდა, ირაკლი ჩიხლაძე იყო.

ჩიხლაძეს ბოლო დრომდე „იმედზე“ ორი გადაცემა – „იმედის კვირა“ და „პირისპირ“ მიჰყავდა. ცოტა ხნის წინ კი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა.

„იმედის“ ჟურნალისტებმა საპროტესტო განცხადება მაინც გაავრცელეს და ახლა მათ, როგორც შიგნიდან ამბობენ, პრეტენზიები მარტო ლალიაშვილთან კი არა, უკვე ჩიხლაძესთნაც აქვთ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მედიაგუნდი ჩიხლაძეს ემიჯნება.

კონფიდენციალური ინფორმაციით, ჩიხლაძე გადაცემის ყველა ტექსტს ლალიაშვილთან ათანხმებდა, რის გამოც მას კოლეგები მწვავედ უპირისპირდებოდნენ.

საპროტესტო განცხადება ირაკლი ჩიხლაძეს სოციალური ქსელით არ გაუვრცელებია. მასთან დაკავშირებას „ნიუპოსტი“ ცდილობდა, თუმცა ჩიხლაძემ ჩვენს სატალეფონო ზარებს არ უპასუხა.

ნიუპოსტი