კახა ანჯაფარიძე – “გამოკითხვის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით”

კახა ანჯაფარიძე - "გამოკითხვის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით"გამოკითხვაზე სიტუაცია იყო მშვიდი, საქმიანი და კონსტრუქციული, რა იქნება ხვალ, ვერ გეტყვით , – ამის შესახებ “ინტერმედია პლიუსის” ერთ-ერთმა მეწილემ კახაბერ ანჯაფარიძემ ჟურნალისტებთან პროკურატურაში თითქმის 4-საათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს მოწერილი ხელი და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“დაისვა კონკრეტული შეკითხვები, დაკითხვა მშვიდობიან გარემოში წარიმართა და ვფიქრობ, რომ ყველაფერს გაეცა ამომწურავი პასუხი. კითხვებს სამწუხაროდ ვერ დაგიკონკრეტებთ, ზოგადად ეხებოდა “ინტერმედიასა” და “რუსთავი 2”-ს შორის არსებულ კავშირებს, კავშირებს სხვადასხვა დროში. ჩემი პასუხი იყო ის, რაც არის რეალობა, უბრალოდ კონკრეტულ დეტალებში ვერ შევალ”,-აღნიშნა კახაბერ ანჯაფარიძემ.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ნიკა გვარამიასთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ “ეს არის აბსურდი”. ანჯაფარიძის თქმით, გამოკითხვა მის მიმართ მშვიდი და კონსტრუქციული იყო, თუმცა “ხვალ რა იქნება, არ იცის.

“ინტერმედიას” მეწილე მზად არის, განმეორებით გამოკითხვაზე დაბარების შემთხვევაში უწყებაში კიდევ ერთხელ მივიდეს.

კომენტარი კახაბერ ანჯაფარიძის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმაც გააკეთა.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს კახაბერ ანჯაფარიძესთან კითხვები ჰქონდათ 2015 წლის სარეკლამო გაყიდვებთან და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.

„კახაბერ ანჯაფარიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოო ჯამში, „რუსთავი 2“-მა, პირიქით, მოგება ნახა 2015 წელს, მათ შორის კახაბერ ანჯაფარიძის მონაწილეობით ამ სარეკლამო კამპანიაში, იმიტომ, რომ მიღებული შემოსავალი, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცას წაეღო სახლში, მოხმარდა კომპანია „რუსთავი 2“-ს,“ – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ასევე, კითხვაზე, არის თუ არა ალბათობა, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს კახაბერ ანჯაფარიძის მისამართითაც, დიმიტრი საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ „გამოძიება ზოგადად მიმდინარეობს, რაც შეხება იმას, ვის რა სტატუსი ექნება მომავალში, ბუნებრივია, ამისი თქმა წინასწარ შეუძლებელია.“

რაც შეეხება ბრალდების შესაძლო წარდგენას, მისი თქმით, „ძალიან აბსურდული იქნება, ეს რომ მოხდეს“ და ამას, როგორც იურისტი, გამორიცხავს.

იპნ