მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარელ გივი რაზმაძეს 1 თვეში ახალ სახლს აუშენებს

მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარელ გივი რაზმაძეს 1 თვეში ახალ სახლს აუშენებსგუგუტიანთკარის მკვიდრს, გივი რაზმაძეს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, მამუკა ხაზარაძე ახალი სახლის მშენებლობას სთავაზობს.

ამის შესახებ ხაზარაძე ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას.

დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.

ჩვენი მოვალეობაა, მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ, გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.

ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, საქართველო გაერთიანდება!“ – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

გივი რაზმაძე მზადაა, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის დახმარება მიიღოს.

თუმცა, როგორც რაზმაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუგუტიანთკარში სახლს აღარ აიშენებს, რადგან ოკუპანტების მიერ მცოცავი ანექსიის გაგრძელების საფრთხე მუდმივად არსებობს.

„გუგუტიანთკარში მხოლოდ ომის დროს დაზიანებული ეს სახლი გვქონდა დარჩენილი, რომელიც იქით ჰყვება. მიწაც მეტი აღარ გვაქვს და ამიტომ, თუ ვინმე დამხმარე გამოჩნდება, ხაზარაძე იქნება თუ სხვა ვინმე, იქ სახლის აშენებაზე აღარ ვიფიქრებთ და იმ სახლს მივამატებთ, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ.

2009 წელს, როცა ამ ტერიტორიაზე ვეღარ შევდიოდით, გუგუტიანთკარში არსებული სახლის სანაცვლოდ კომპენსაცია მოგვცეს – 15.000 დოლარი და გორში, წმინდა წყლის ტერიტორიაზე, ბარაკების დასახლებაში ავიშენეთ სახლი, ამიტომ, თუ დახმარება იქნება, მივიღებთ იმ დახმარებას და მირჩევნია, ამ სახლს მივამატო“, – განაცხადა გივი რაზმაძემ.

შეგახსენებთ, სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.

იპნ