ნოდარ მელაძე – ”პაატა სალიამ ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მითხრა, რომ რუსთავი 2-დან მიშვებდა”

ნოდარ მელაძე - ”პაატა სალიამ ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მითხრა, რომ რუსთავი 2-დან მიშვებდა”რუსთავი 2-დან განთავისუფლებული ნოდარ მელაძის თქმით, მან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პაატა სალიას ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, თავად სალიასგან შეიტყო.

„ერთი თვე და ორი დღე მოვახერხეთ. პირადად მე შევძელი შემენარჩუნებინა „კურიერი“ ისეთი, როგორიც იყო. 2 წელი და რამდენიმე თვე ვიმუშავე, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელძღვანელად და არასრული 6 წელი „რუსთავი 2“-ში. ეს არის ჩემთვის ყველაზე საამაყო პერიოდი ჩემს სატელევიზიო კარეიერაში. ძალიან მიმძიმს ახლა „კურიერზე“ საუბარი წარსულ დროში, რადგან ბოლო 2 წლისა და რამდენიმე თვის განმავლობაში, მთელი ჩემი ენერგია, მთელი ჩემი დრო ჩავდე იმაში, რომ „კურიერი“ ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის – #1 საინფორმაციო გამოშვება საქართველოში. სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იყო „კურიერის“ ისტორიული, პიკური რეიტინგები, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ვქმნიდით პროდუქტს, რომელიც საზოგადოების მოწონებას და ნდობას ემსახურებოდა.

დღეს პაატა სალიამ დამიძახა და მითხრა, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომ მე ვარ გათავისუფლებული სამსახურიდან და ეს არის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს არ იყო დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ისინი ეძებდნენ საბაბს და ძალიან ინტენსიურად, რომ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიეღოთ. თუმცა, ძალიან გაუჭირდათ ამ საბაბის მოძებნა“, – აცხადებს მელაძე.

მისი ინფორმაციით, ტელეკომპანიის წილების ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადაფორმებიდან 2 კვირაში, მას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი შეხვდა და გარკვეული პირობები შესთავაზა.

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, შეთანხმების პირობების მიხედვით, ადამიანი, რომელთანაც მელაძეს კომუნიკაცია ექნებოდა, არ იქნებოდა არც კოკა ყანდიაშვილი და არც ლაშა ნაცვლიშვილი.

ამასთან, მელაძის განცხადებით, მათი პოზიცია იყო, რომ „რუსთავი 2“-სგან „იმედის“ გაკეთება არ უნდათ.

„ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ზუსტად 2 კვირაში ჩემთან შეხვედრა ჰქონდა (ამის შესახებ „კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობამ იცის) ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს, რომელიც პირდაპირ კავშირზე იყო. მისი პოზიცია იყო, რომ „რუსთავი 2“-სგან „იმედის“ გაკეთება არ უნდათ და კრიტიკის რაღაც დოზა „კურიერში“ დარჩება, მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გავაგრძელებდი მუშაობას „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად, უბრალოდ მათთვის უნდა მიმეცა საკომუნიკაციო არხი.

ეს ადამიანი არ იქნებოდა არც ლაშა ნაცლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს სახელისუფლებო მედიას მართავს. იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ჩემთან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ექნებოდა და კონკრეტული თემატიკა ამ ადამიანთან კონსულტაციის მიხედვით უნდა დამეგეგმა.

„რუსთავი 2“ -ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გეგმავს აბსოლუტურად ყველა გამოშვებას და შესაბამისად, მას მიუწვდება ხელი ყველა რეპორტაჟზე. აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან მარტივი გამოსავალი იქნებოდა, თუ მე დავთანხმდებოდი მათ წინადადებას. ოფიციალურად დაარქმევდნენ, რომ ისევ მე ვარ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშასადამე, არ შეიცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა მათი თქმით: „ჩამოიწეოდა ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი“.

მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება იმიტომ, რომ ის თავად ებრძვის ბიუჯეტის ქურდებს, თუმცა იყო რაღაც თემები, რომელთაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით,“ – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მისივე განცხადებით, მან აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და დასძინა, რომ სახელისუფლებო მედიაში მუშაობას აღარასდროს აპირებს.

„მე ამ წინადადებაზე მათ უარი ვუთხარი. ჩემს ცხოვრებაში მქონია პერიოდი, როდესაც სახელისუფლებო ტელევიზიაში ვმუშაობდი და აღარ ვაპირებ უკან დავუბრუნდე წარსულს. ტელევიზია და მედია, რომელშიც ვიმუშავებ,  ყოველთვის იქნება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული,“ – აღნიშნა მელაძემ.