თბილისში, პეკინის გამზირზე მომხდარი დაჭრის საქმეზე დაკავებული 51 წლის თამარ საძაგლიშვილის დედა “მაესტროსთან” აცხადებს, რომ მის შვილს იძულებითი მკურნალობა უნდა დაენიშნოს.
მანანა ჩხიკვაძის თქმით, ბრალდებული წლების განმავლობაში მკურნალობდა და მდგომარეობა პერიოდულად მწვავდებოდა, თუმცა 28 აგვისტოს, პეკინზე მომხდარი შემთხვევის მსგავსი არასოდეს დაფიქსირებულა.
დედა ასევე აცხადებს, რომ მის შვილს ბავშვის დაჭრის ეპიზოდი არ ახსოვს. ინციდენტის დროს დაკავებული თბილისში მარტო იყო, დედა კი შეკვეთილში, კერძო საოჯახო სასტუმროს ამუშავებდა.
“დავურეკე, ღამის 12-ის ნახევარი იყო. ძალიან ხშირად ვურეკავდი – ყოველ 2 საათში. ჩვეულებრივად მიპასუხა, ყველაფერი მომიყვა – მთელი დღის განმავლობაში რას აკეთებდა, მაგრამ ეს ამბავი არ მოუყოლია, იმიტომ რომ არ ახსოვდა, რომ ეს გააკეთა. მერე მითხრა, რომ დაძინება უნდოდა და დამემშვიდობა”,- თქვა მანანა ჩხიკვაძემ.
დაკავებულის დედის თქმით, ბავშვი სავარაუდოდ, სახლიდან წაღებული დანით არის დაჭრილი. მისივე თქმით, 2017 წელს თამარ საძაგლიშვილი ქავთარაძის ქუჩაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მკურნალობდა.
“შარშანწინ დაუნიშნეს პრეპარატები. გვითხრეს, რომ კლინიკაში გაჩერება აუცილებელი არ იყო და სახლში შეეძლო მკურნალობის გაგრძელება. მონიტორინგისთვის კლინიკაში არ დადიოდა, რადგან ფსიქიატრი დადიოდა ჩვენთან სახლში და მის დანიშნულებას ასრულებდა. ბოლოს ფსიქიატრი კარგა ხნის წინ იყო, ბევრი თვის წინ. მერე უკვე ჩვეულებრივად, ნორმალურად იყო”, – აცხადებს ბრალდებულის დედა “მაესტროსთან”.
მანანა ჩხიკვაძე ამბობს, რომ ხვალინდელ პროცესზე სავარაუდოდ მის შვილს მოსამართლე იძულებით მკურნალობას განუსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიებად.
“რემისია ჰქონდა თავისი ავადმყოფობის და მერე უცბად აშლილობა და მერე ისევ დაწყნარდა. ვიცი, რომ სამკურნალო არის და ალბათ კლინიკაში იძულებით მკურნალობას დაუნიშნავენ”, -თქვა მანანა ჩხიკვაძემ.
პოლიციამ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს საღამოს მიაყენეს. ბავშვი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.
იმედინიუსი

