თურქეთში თამარ მეფის შვილიშვილის საფლავი აღმოაჩინეს

თურქეთში თამარ მეფის შვილიშვილის საფლავი აღმოაჩინესთურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არქეოლოგიური გათხრების შედეგად სარკოფაგები აღმოაჩინეს.

„თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას,” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, ისტორიკოსების ცნობით, გურჯი ხათუნი თამარ მეფის შვილიშვილი იყო. ის თამარის ქალიშვილის, რუსუდანის ასული იყო. მამამისი მოღის ედ-დინი იყო, არზრუმის გამგებლის, ტოღრილის ძე.

1236 წელს თამარი მიათხოვეს რუმის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრვე II-ს (1236-1246). მან დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ-უ-ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკის სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა.

სულთნის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით სულთნის ქვრივი – გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო.

გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ალ-დინ რუმისთან.

დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რომელიც სელჩუკური არქიტექტურული მშვენებაა.