ადვოკატი თოდუა -“ზაზა სარალიძე წესიერი კაცია, მაგრამ მას მართავდა ზვიად კუპრავა, რომელსაც პრემიერობა უნდოდა”

ადვოკატი თოდუა -"ზაზა სარალიძე წესიერი კაცია, მაგრამ მას მართავდა ზვიად კუპრავა, რომელსაც პრემიერობა უნდოდა”ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, საქმეში ორი პოლიტიკური ძალის – “ქართული ოცნების” და “ევროპული საქართველოს” ინტერესი იკვეთება და ამ ორი ძალის მოქმედების პროდუქტია მიხეილ კალანდიას დაკავება.

როგორც თოდუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ზაზა სარალიძეს კონკრეტული პირები მართავდნენ.

„ამ საქმეში პოლიტიკისგან გვერდის ავლა შეუძლებელია იმდენად არის უკვე პოლიტიზირებული. ეს არის ორი პოლიტიკური ძალის ერთობლივი მოქმედების პროდუქტი, რის გამოც ვერ ავუვლით გვერდს პოლიტიკას რაც არ უნდა იძახოს დაზარალებულმა მხარემ, მოწმემ თუ პროკურორმა ამ საქმეში არ არის პოლიტიკა, ეს აბსოლიტური სიცრუეა. ეს არის მმართველი პარტია “ქართული ოცნება” და ე.წ. ოპოზიცია “ევროპული საქართველო”. ორმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივი პროექტის შედეგად მიაღწიეს, რომ შეაწყვეტინეს ორ კერკეტ კაკალს – მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზაზა სარალიძეს რუსთაველზე აქციები, სანაცვლოდ მიხეილ კალანდია დააკავეს”,- განაცხადა თოდუამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამდენი ხნის შემდეგ როგორ ესახება მას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა, თოდუამ ასე უპასუხა: “დღეს რომ იყოს პირველი დეკემბერი 100 პროცენტით გპირდებით, რომ ერთი თვის განმავლობაში დაგიდებდით მასალას, მაგრამ ამდენი დროის შემდეგ გამოძიებას არ აქვს თავისი კომპეტენციის 50% შესრულებული, რომელსაც კარგი ნიჭიერი პირველკურსელი შეასრულებდა”.

თოდუას განცხადებით, ზაზა სარალიძეს კონკრეტული პირები მართავდნენ.

“სარალიძე წესიერი, პატიოსანი კაცია, მაგრამ მას მართავდნენ კონკრეტული პირები, რომლებსაც მოუნდათ პრემიერ-მინისტრობა. პირდაპირ ვასახელებ, ზვიად კუპრავას განზრახული ჰქონია, შეეცვალა ხელისუფლება და გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, ჰყავდა შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურაც. ამის შესახებ გონიერ ხელისუფლებას გამოძიება უნდა გქონდეს ჩატარებული. გარდა ამისა, ოთო კახიძე ცდილობდა თავისი კლიენტისთვის, ივანე მერაბიშვილისთვის მოეპოვებინა მტკიცებულებები ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით. მათ ეგონათ, რომ თუ ხელისუფლება წავიდოდა მიხეილ კალანდიას დაკავებაზე, მაშინ მირზა სუბელიანი გამოაქვეყნებდა რაღაც კადრებს. როგორც ნახეთ, კალანდია და სუბელიანი დაიჭირეს, მაგრამ კადრები არ ჩანს. ამიტომ არის საქმე პოლიტიზირებული. ამიტომ არ ვამტყუნებ ზაზა სარალიძეს, რომლის პოზიცია ჩვენსას ბევრ რამეში ემთხვევა”,- განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს დაზარალებული ზაზა სარალიძის დაკითხვით გაგრძელდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სულ დასაკითხ პირთა სიაში 150-მდე პირია.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 18 სექტემბერს, 10:30 საათზე გაიმართება.

იპნ