ამერიკის ხმა ტელეიმედის წინააღმდეგ – “მისი საქციელი ღრმად შემაშფოთებელია”

ამერიკის ხმა ტელეიმედის წინააღმდეგ - "მისი საქციელი ღრმად შემაშფოთებელია"„ამერიკის ხმა“ მათი ჟურნალისტის, ჯიმ მალონის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც ტელეკომპანია „იმედზე“ გავიდა, განცხადებას ავრცელებს.

“ამერიკის ხმის” ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ “იმედის” მიერ კომენტარის არასწორ კონტექსტში წარმოჩენას ჰქონდა ადგილი, რასაც “ღრმად შემაშფოთებელს” უწოდებს.

“ამერიკის ხმის” ხელმძღვანელობა განცხადებას აქვეყნებს კვირას, 15 სექტემბერს, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედის კვირაში” გასულ სიუჟეტზე, რომელშიც “ამერიკის ხმის” ჟურნალისტის, ჯიმ მალონის კომენტარი გავიდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “ამერიკის ხმის” გამოცდილ ჟურნალისტს ჯიმ მალონს ქართულმა ტელეკომპანია „იმედმა“ ინტერვიუ სთხოვა შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასაუბროდ. 13 სექტემბერს, მან ტელეკომპანიას მისცა ეს ვიდეო ინტერვიუ.

ინტერვიუს განმავლობაში “იმედის” ჟურნალისტმა მალონს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე დაუწყო შეკითხვების დასმა, რაც მალონისთვის მოულოდნელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მისი საქმიანობის მთავარი ნაწილი ამერიკის შიდა პოლიტიკას უკავშირდება.

“ინტერვიუს მიმდინარეობისას, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა დაიწყო შეკითხვების დასმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ და მას კომენტარი სთხოვა რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკის მწარმოებლის გავლენაზე ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევ პროცესზე. შეკითხვების ეს ხაზი ინტერვიუს თავდაპირველ თემას სრულიად სცდებოდა და ბატონმა მალონმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების სახელები მას იმ წუთას და ამერიკის არჩევნების კონტექსტში არ ეცნობოდა და რომ არ სურდა მათზე კომენტარის გაკეთება.”

ჯიმ მალონი “ამერიკის ხმაში” წლების მანძილზე შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკას, საარჩევნო პროცესებს, კონგრესში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებს აშუქებს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება არ არის.

“ბატონი მალონი „ამერიკის ხმის“ გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ამერიკულ პოლიტიკას წლებია აშუქებს. ნებისმიერი მცდელობა, ამ ინტერვიუში მისი პასუხები ამოღებულ იქნას კონტექსტიდან იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტების კალიბრს და კვალიფიკაციას, ან იმისთვის, რომ არასწორად იქნას გადაცემული „ამერიკის ხმის“ საქმიანობა საქართველოში ნებისმიერ სიახლესთან დაკავშირებით, ღრმად შემაშფოთებელია,” – ნათქვამია განცხადებაში.

იპნ