“ჩემი ნეშტის ერთი ნაწილი სოხუმში დაკრძალეთ, მეორე – თბილისში” – მოსკოვში თამაზ ძიაპშპა გარდაიცვალა

"ჩემი ნეშტის ერთი ნაწილი სოხუმში დაკრძალეთ, მეორე - თბილისში" - მოსკოვში თამაზ ძიაპშპა გარდაიცვალამოსკოვში აფხაზური წარმოშობის ცნობილი ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ნიაზ ძიაპშპას შვილი თამაზ ძიაპშპა გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა.

თამაზის მეგობრის, წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვრის მამა ალექსანდრე ბოლქვაძის ინფორმაციით, მან ანდერძად დაიბარა, რომ მისი ნეშტის ერთი ნაწილი თბილისში, ხოლო მეორე ნაწილი სოხუმში დაკრძალონ.

მამა ალექსანდრე და თამაზ ძიაპშპა ბავშვობის მეგობრები არიან და თბილისში ერთად გაიზარდენ. თამაზი თავს აფხაზად თვლიდა, ხოლო საქართველოს – სამშობლოდ. მას თბილისში უამრავი მეგობარი ჰყავდა. სკოლის შემდეგ თამაზი სოხუმში გადავიდა სამუშაოდ, სადაც 10 წელი გაატარა, ხოლო ომის დროს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მოსკოვში გადავიდა.

“თამაზის თბილისელ თანაკლასელებთან და უბნის ბიჭებთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა. მისი ანდერძის მიზეზიც ეს არია – მას სურდა, რომ თბილისში მცხოვრები მეგობრები მის საფლავზე მივიდნენ, მისი ძმა ომარიც ხომ თბილისში ცხოვრობს. მას ძალიან უყვარდა ორივე ერი, ქართველები და აფხაზები მისთვის განუყოფელი იყო.

ომის დროს ის თბილისში ჩავიდა და ამბობდა, რომ ვერც ქართველს მოკლავდა ვერასდროს და ვერც აფხაზს. ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, როდის ჩაიტანენ თამაზის ნეშტს თბილისში, ეს მნიშვნელოვანია, მიმაჩნია, რომ თამაზ ძიაპშპას ნაირი ადამიანები გააერთიანებენ ქართველებს და აფხაზებს,” – აცხადებს მამა ალექსანდრე.

ნიუპოსტი