გამგებელი კახა სამხარაძე – “ვარკეთილში მე-8 კორპუსში იყო კიბის უჯრედის ჩამოშლის საშიშროება”

გამგებელი კახა სამხარაძე - "ვარკეთილში მე-8 კორპუსში იყო კიბის უჯრედის ჩამოშლის საშიშროება"მთლიანად შეისწავლიან 322-ე კორპუსის საძირკველს და მოხდება მისი მთლიანი კარკასული გამაგრება, – ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გამგებელი და მედიის წარმომადგენლები ვარკეთილის იმ ავარიულ კორპუსთან იმყოფებიან, საიდანაც გუშინ მე-8 სადარბაზოდან მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

გამგებლის თქმით, მუნიციპალური ლაბორატორიის პირველადი დასკვნის მიხედვით, 322-ე კორპუსის მე-8 სადარბაზოში იყო “კიბის უჯრედის მეორე და მესამე სართულის ჩამოშლის საშიშროება, რომელიც ადამიანების უსაფრთხოებას აყენებდა ეჭვქვეშ და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ სადარბაზოდან ხალხის ევაკუირება მოეხდინათ”.

მისივე თქმით, გვერდით სადარბაზოებში ცხოვრება საფრთხის შემცველი არ არის, რადგანაც კორპუსის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს, თუმცა კორპუსი გასამაგრებელია

. რაც შეეხება გუშინ, მე-8 სადარბაზოდან გამოსახლებულ ოჯახებს, მისი თქმით, ისინი საცხოვრებლით მანამდე იქნებიან უზრუნველყოფილი, სანამ კორპუსში გამაგრებითი სამუშაოები არ დასრულდება.

“18-ვე ოჯახი მე-8 სადარბაზოდან გამოსახლებულია. ზოგი სასტუმროშია, ზოგი თავისი სურვილით წავიდა ნათესავებთან. ჩვენ უზრუნველყოფთ ყველას საცხოვრებლით, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ აქ უსაფრთხოდ შეიძლება ცხოვრება”,- განაცხადა გამგებელმა.

იპნ