ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე იმიტომ მოხვდა რომ ივანიშვილის ოჯახის პირადი სტომატოლოგია, ცხოვრების გაძვირების ფონზე, ათი ათასამდე ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნა.
სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას საქართველოში, ცვალებადია, რადგან სისტემაში აცხადებენ რომ „მონაცემების განახლება მუდმივად მიმდინარეობს“. „შესაძლოა დახმარება მოეხსნას ერთ ოჯახს, მაგრამ პროგრამაში ჩაერთოს ორი ოჯახი“ – ამბობენ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ც ჰეპატიტისთვის გამოყოფილი ძვირადღირებული წამლების არალეგალურად გაყიდვის სკანდალის გამო სერგეენკო გაუშვეს და მინისტრად ივანიშვილის ოჯახის პირადი სტომატოლოგი მოიყვანეს, სოციალურად დაუცველთა ოჯახების შემოწმება დაიწყეს და მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალოდ, 10 ათასამდე ოჯახს დახმარება გაუუქმეს.
ერთერთი, ვისაც სოციალური დახმარება მოუხსნეს მანანა კაპანაძეა საჩხერიდან. ის რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მივიდა, განცხადება დაწერა, თუმცა, როგორც ამბობს, „არავინ ყურდღება არ მიაქცია“.
სოციალური დახმარება მოუხსნეს ნელი თევდორაშვილსაც, რომელსაც მიმდინარე წლის აგვისტოში შვილი გარდაეცვალა, რის შემდეგაც ორ მცირეწლოვან შვილიშვილს მარტო ზრდის – უკიდურეს სიღარიბეში.
ნელი თევდორაშვილის თქმით, მას სოციალური დახმარება იმიტომ მოუხსნეს რომ სახლში ხის იატაკი აღმოუჩინეს…
ხოლო ქალაქ რუსთავში, ე.წ. შემოწმების შედეგად 300-მდე ოჯახი დარჩა სოციალური დახმარების გარეშე…
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული გრაფიკული მონაცემების მიხედვით, 2012 წლის შემდეგ სოციალური დახმარების მქონეთა რაოდენობა თითქმის ყოველწლიურად მცირდება, რაც ცხადია, საეჭვოა გაზრდილი ფასების, უმუშევრობის, გაძვირებული ცხოვრებისა და გაუფასურებული ლარის ფონზე.
თუ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავუჯერებთ, თურმე, ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე ყოველწლიურად იკლებს და ხალხი სულ უფრო და უფრო უკეთ ცხოვრობს.
მაგალითად: 2012 წელს, სოციალურ დახმარებას 510 ათას 400 ადამიანი იღებდა, 2013 წელს, 453 ათას 900, 2014 წელს 421 ათას 400, 2015 წელს 389 ათას 600, 2016-ში 476 ათას 100, 2017-ში 455 ათას 800, ხოლო 2018-ში – 435 ათას 400 ადამიანი.
სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორია
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა
განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე…
პრესა.ჯი

