მთავარი არხი რუსთავი 2-ის ფეისბუქზე გაზიარდა – “ნოდარ მელაძეს აქვს პაროლი და არ გვაძლევს”

მთავარი არხი რუსთავი 2-ის ფეისბუქზე გაზიარდა - "ნოდარ მელაძეს აქვს პაროლი და არ გვაძლევს"ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიას მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვება რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე გაზიარდა. მომხდარზე „პრაიმტაიმთან“ განმარტებას პაატა სალია აკეთებს.

„რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის თქმით, ნოდარ მელაძე ტელეკომპანიის Facebook გვერდის პაროლს ფლობს, მიუხედავად იმისა რომ ის რუსთავი 2-ში აღარ მუშაობს.

„რუსთავი2-ის ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი იყო ნოდარ მელაძე. მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლდა სამსახურიდან, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარს აცხადებს ადმინისტრატორის უფლებების (ლოგინი და პაროლი) გადმოცემაზე. აღნიშნულის თაობაზე ოფიციალურად ეცნობა ფეისბუქის ადმინისტრაციას და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. მელაძის მოქმედება სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა და თვითნებობა. ამასთანავე, შესაძლოა, მის მოქმედებაში იყოს კიბერდანაშაულის ნიშნები.- განუმარტა პაატა სალიამ „პრაიმტაიმს“.

ეს ფაქტი დღეს ერთადერთი არ ყოფილა. „მთავარი არხის“ facebook პოსტი „რუსთავი 2“-ის გვერდზე დღეს მანამდეც გაზიარდა. ამ დროისთვის ორივე პოსტი წაშლილია.

პრაიმ ტაიმი