დიდუბის გამგებლის მძღოლმა გამგეობის კუთვნილი ტექნიკა დაალომბარდა

დიდუბის გამგებლის მძღოლმა გამგეობის კუთვნილი ტექნიკა დაალომბარდა პრესა.ჯის დიდუბის გამგეობიდან სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ: დიდუბის გამგეობის თანამშრომლის თქმით, გამგებლის მძღოლმა გამგეობის კუთვნილი ტექნიკა დაალომბარდა…

დიდუბის გამგეობაში ამჟამად რემონტია და შენობა ცარიელია. დიდუბის გამგეობის თანამშრომლის თქმით, სწორედ ამ ფაქტით ისარგებლა გამგებლის მძღოლმა, შენობოდან ტექნიკა გაიტანა და დაალომბარდა.

დიდუბის გამგეობის თანამშრომელი გვიყვება რომ როდესაც გამგეობის კუთვნილი ტექნიკის დალომბარდების შესახებ გამგებელმა ზავრადაშვილმა გაიგო, მძღოლი სამსახურიდან გაათავისუფლა. ტექნიკა კი, სასწრაფოდ დაიხსნეს ლომბარდიდან…

ჩვენ მომხდარი ფაქტის შესახებ დიდუბის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს ტელეფონით ვესაუბრეთ.

გამგებელმა ჯერ გვითხრა რომ მისი მძღოლი სამსახურიდან მართლაც წავიდა. თუმცა, შემდეგ თავისივე ნათქვამი უარყო და განაცხადა რომ სამსახურიდან არა მისი მძღოლი, არამედ, მონიტორინგის სამსახურის ერთი თანამშრომელი წავიდა. ბოლოს კი, ეს ინფორმაციაც შეცვალა და სამსახურიდან წასულთა რიცხვი სამამდე გაზარდა.

ამის გარდა, გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა ჯერ გვითხრა რომ გამგეობის კუთვნილი ტექნიკა ადგილზე აქვს, რადგან ინვენტარიზაცია წელიწადში ორჯერ ტარდება, შემდეგ კი, ესეც უარყო და განაცხადა რომ ინვენტარიზაცია „სამ-ოთხ თვეში ერთხელ ტარდება“.

„პრესა.ჯი“: გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი მძღოლი გაუშვით სამსახურიდან, რატომ? 

ირმა ზავრადაშვილი: თვითონ წავიდა.

– თქვენმა მძღოლმა დაალომბარდა გამგეობის კუთვნილი ტექნიკა?

– როგორ გეკადრებათ, რას ლაპარაკობთ,  ჩემი მეგობრის შვილია, უცხო კი არ არის.

– შეგიძლიათ თქვენი მძღოლის სახელი და გვარი გვითხრათ?

– ჯერ ერთი, დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემი მძღოლი არ წასულა სამსახურიდან, ის ისევ სამსახურშია. ეს რიგითი თანამშრომელი წავიდა. ეს იყო მონიტორინგის უმცროსი თანამშრომელი.

– თქვენი ნათესავია მძღოლი?

– არ არის ნათესავი, უბრალოდ, მისი ცოლი ჩემი კოლეგაა და ვმეგობრობ მათ ოჯახთან. მისი დედაც ჩემი კოლეგაა და დაც.

– აბა ვინ დაალომბარდა დიდუბის გამგეობის კუთვნილი ტექნიკა?

– არ არის სწორი და რა გავაკეთო…

– რემონტი დასრულდა უკვე გამგეობაში?

– არა, რემონტი არ დასრულებულა.

– როდის დამთავრდება?

– მე არ ვაკეთებ რემონტს, კერძო კომპანია აკეთებს, ამიტომ, არ ვიცი ჯერ როდის დამთავრდება.

– თავიდან თქვით რომ თქვენი მძღოლი სამსახურიდან წავიდა. შემდეგ უარყავით და გვითხარით რომ მძღოლი კი არა, მონიტორინგის თანამშრომელი წავიდა სამსახურიდან. გვითხრით მათი გვარები…

– ვინც მოგაწოდათ ინფორმაცია იმას ჰკითხეთ, მე რატომ მეკითხებით? ნახეთ, რაშია საქმე, ჩემი მძღოლის და მთელი საშტატოს სახელებსა და გვარებს გადმოგიგზავნით თუ გინდათ, რა პრობლემაა, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემი მძღოლი სამსახურშია.

– წეღან თქვით რომ თქვენი მძღოლი სამსახურიდან თავისით წავიდა. ახლა ამბობთ რომ თქვენი მძღოლი სამსახურშია და სხვა თანამშრომელი წავიდა…

– ვინ, ჩემი მძღოლი? კი, სამსახურშია.

– დიდი ხანია ეს მძღოლი გყავთ?

– კი, ორი წელია და ვენდობი ძალიან. ჩემი სამი თანამშრომელი წავიდა  სამსახურიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, ამ ერთი თვის განმავლობაში. სამივენი წავიდნენ ახალ სამსახურში…

– ამ  სამი თანამშრომლის ვინაობა რომ გვითხრათ…

– გივიკო ჩხარტიშვილი, ამირან კოხოძე, ლევან არჩვაძე. ერთი უბნის სამსახურის უფროსი იყო დიდუბეში, დანარჩენი ორი კი  ინფრასტრუქტურაში თუ მონიტორინგში მუშაობდა.

– ქალბატონო ირმა, ამ დროის განმავლობაში არ დაფიქსირებულა გამგეობის კუთვნილი ტექნიკის გატანის ფაქტი?

– სხვადასხვა ბრუნვაში რომ მეკითხებით, სხვადასხვანაირად ხომ ვერ გიპასუხებთ? მოდით და გაჩვენებთ, რა ინვენტარი გაინტერესებთ მითხარით…

– ის ინვენტარი (კომპიუტერები), რომლებიც დაალომბარდეს და როდესაც ამის შესახებ გაიგეს, უკან გამოიტანეს ლომბარდიდან თანამშრომლებმა…

– რომელმა თანამშრომლებმა გამოიტანეს? არ ვიცი, ყველა ჩემი ინვენტარი ადგილზეა. რა გითხრათ, მსგავსი პრეცენდენტი ჩემთვის უცნობია. წელიწადში ორჯერ ტარდება ინვენტარიზაცია და ყველა ინვენტარი მაქვს ადგილზე.

– ბოლოს როდის ჩატარდა ეს ინვენტარიზაცია?

– ასე ზუსტად და დეტალურად არ მახსოვს, ყველა 3 თქვეში, 4 თვეში ტარდება“.

P.S: ამ ინტერვიუს სრული ჩანაწერი ჩვენთან ინახება. მიუხედავად იმისა რომ დიდუბის გამგებელი ფაქტს უარყოფს, გამგეობის კუთვნილი ტექნიკის დალომბარდების შესახებ თანამშრომლებმა იციან და სავარაუდოდ, ინფორმაცია მერიაშიც აქვთ.

ამიტომ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, წესით დიდუბის გამგეობიდან ტექნიკის გატანისა და დალომბარდების შესახებ გამოძიება უნდა დაიწყოს, ხოლო გამგებელმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

ჩვენ ვიცით იმ პირის ვინაობა, რომელმაც გამგეობის კუთვნილო ტექნიკა დაალომბარდა.

მის სახელსა და გვარს, ამ ეტაპზე, შეგნებულად არ ვასაჯაროვებთ. ის უკვე რამდენიმე დღეა დიდუბის გამგეობაში აღარ მუშაობს.

თუმცა, ვიმედოვნებთ რომ მომხდარით თბილისის მერიის გენერალური ინსპექციაც დაინტერესდება და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დალომბარდების ფაქტს რეაგირება მოჰყვება.

პრესა.ჯი