თამთა თოდაძე – ”მოვითხოვ, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს დეპუტატის მანდატი

თამთა თოდაძე - ”მოვითხოვ, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს დეპუტატის მანდატიჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება – ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი, – ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის იმ დადგენილების გასაცნობად მივიდა, რომლის მიხედვით, ის დაზარალებულად სცნეს.

„გავეცანი საქმის მასალებს. ნამდვილად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებულია ძალიან დიდი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. იმასაც დავძენ, რომ ძირითადი ნაწილი უკვე იმის შემდგომაა ჩატარებული, რაც უშუალოდ მოხდა ამის გაშუქება.

მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც, თავიდანვეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. უშუალოდ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მოვაწერე გაუთქმელობის აქტს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება”, – აღნიშნა თოდაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მოითხოვს საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის პატიმრობასა და დეპუტატის მანდატის შეჩერებას საკრებულოში.

„ჩემი მთავარი მოთხოვნაა, პატიმრობა შეეფარდოს და მთავარი მოთხოვნაა, შეუწყდეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი, რადგან ზოგადად ასეთ სიტუაციაში, როდესაც დიდია ძალაუფლება და გავლენა, ძალიან დიდია იმის ალბათობაც, რომ ხდება მოწმეებზეც ზეგავლენის მოხდენა”, – განაცხადა თოდაძემ.

ის გამოეხმაურა ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებებსაც, რომ ერთი მხრივ, საქმეზე დაცვის მხარესაც აქვს გარკვეული დეტალები, რაც დეპუტატის უდანაშაულობას ამტკიცებს, ხოლო მეორე მხრივ, თოდაძე გამოეხმაურა კუბლაშვილის განცხადებასაც, რომ მას დაწინაურება სურდა.

„მე არ ვიცი, რა დეტალებზე საუბრობენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ამას ძალიან ბევრჯერ განვმარტავ, ამ ფაქტზე და დაწინაურებაზე ზოგადად, არ იციან, უკვე რა მოიგონონ, თუ რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ეს არის უბრალოდ ის, რომ როცა არ იცი რას ჩაეჭიდო, ხავსია. ყველაზე მარტივი ალბათ იქნება თქმა, რომ ამით ცდილობენ აღნიშნული ფაქტის გადაფარვას”, – აღნიშნა თოდაძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ, საავადმყოფიში გააცნეს. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

თამთა თოდაძე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

იპნ