თბილისის მერიას ყინულის მოედანი დაუდნა

თბილისის მერიას ყინულის მოედანი დაუდნათბილისის მერიის ფიგურული სრიალის ცენტრში ბავშვები უკვე ორი კვირაა ვერ ვარჯიშობენ.

არც მეტი, არც ნაკლები, თბილისის მერიას კოსტავას 75ა-ში მდებარე ყინულის მოედანი დაუდნა.

ცნობილი მოციგურავის, მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის ცენტრი, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია, ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილადია წელიწადის ყველა დროს.

თუმცა, მოძველებული ტექნიკისა თუ სავალალო შემთხვევის წყალობით, დანადგარი, რომელიც ყინულის შენარჩუნებაზე იყო პასუხისმგებელი, მწყობრიდან გამოვიდა და ყინული დადნა.

მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის ცენტრში ზუსტად ვერ ასახელებენ თარიღს, როდის აღადგენენ დამდნარ ყინულის მოედანს.

ბავშვები კი, ორი კვირაა, ჯერჯერობით ამაოდ ელოდებიან თბილისის მერიის მიერ ვალდებულებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულებას. ფიგურული სრიალის ცენტრი სწორედ თბილისის მერიის ა(ა)იპ-ია.

P.S: მარინა ცერცვაძე, რომლის სახელობისაა ფიგურული სრიალის ცენტრი, საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულია.

მან, 1972 წელს გოგონებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა.

ქალბატონი მარინა, საქართველოდან პირველი სპორტის ოსტატია ქალთა შორის.

მანვე, მსოფლიოში პირველმა შეასრულა სამმაგი ბრუნი.

არის სსრკ თასის ორგზის (1975, 1976) მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი.

 პრესა.ჯი