მეუფე პეტრე – „სოსო ოხანაშვილს მაღალ თანამდებობებს სთავაზობდნენ“

მეუფე პეტრე - „სოსო ოხანაშვილს მაღალ თანამდებობებს სთავაზობდნენ“ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით არაერთ სკანდალურ დეტალზე ისაუბრა გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან“. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ „ციანიდის საქმე“ იყო ორკესტრირებული სცენარი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. გადაცემის ავტორი და წამყვანი, ვანო პავლიაშვილი დაინტერესდა, „ციანიდის საქმის“ კვალი მიდის თუ არა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რაზეც მეუფემ უპასუხა:

„აქ რამდენიმე ინტერესის თანხვედრა მოხდა, რაც დრო გადის, მით მეტი ჩნდება ჩემთვისაც კი. დიდი ბურუსითაა ეს საქმე  მოცული, მაგრამ დავიწყოთ იქიდან, რომ რამდენიმე თვით ადრე გამოვიდა მაღალი იერარქი და თქვა,  პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებულია ბრძოლა და ჩვენ პატრიარქს დავიცავთო. შემდეგ მე დავსვი შეკითხვა სინოდზე – მეუფეო, იქნებ გვითხრათ, რას გულისხმობდით ამ ნათქვამში და როცა თქვით, სიძეობა არ არის იმუნიტეტი-მეთქი, ანუ სოსო ოხანაშვილის მისამართით იყო საუბარი, რომელიც სიძეც იყო და პატრიარქის დაცვის უფროსიც. მერე აღმოჩნდა, რომ ასევე ჩაფიქრებული იყო, ოხანაშვილი გარიდებოდა საქართველოს საპატრიარქოს.  როგორც მოგვიანებით გავიგე, საკმაოდ მაღალ თანამდებობებს სთავაზობდნენ მას სხვადასხვა სტრუქტურაში, მათ შორის, საერო ხელისუფლებაც, მაგრამ მერე ითქვა, რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

მერე, თურმე, ამ ადამიანის დაკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა მის ეპარქიაში და ვიღაც აღმოაჩინეს… დღემდე მსვლელობა არ მისცემია ამ საქმეს, თუ მამაო სასჯელს იხდის მკვლელობის მომზადებისათვის (იგულისხმება დეკანოზი გიორგი მამალაძე), რაც აბსურდულია, ქორეპისკოპოსის მკვლელობა თუ იგეგმებოდა და დაკვეთილი იყო, თვითონ როგორც ამბობს. ეს „ციანიდის სკანდალამდე“ მოხდა.

ასევე, წერილი სოციალურ ქსელებში ე.წ. ანალიტიკოსის, თქვენ იცნობთ, რომ „პატრიარქი ცოცხალი უნდა დაბრუნდეს გერმანიიდან“, ანუ რაღაც ორკესტრირებული სცენარი იყო აშკარად. საქმის მიხედვით ჩანს, რომ ქორეპისკოპოსმა იცოდა, რომ მღვდელი ემზადება, ეძებს ციანიდს ვიღაცის ლიკვიდაციისთვის და ელოდება, როდის დაიჭერენ საზღვართან, წარმოგიდგენიათ?! დავუშვათ, სპეცსამსახურები ჩასაფრებულნი იყვნენ აეროპორტში, მაგრამ  მე რომ გავიგო, რომ  ჩემი მღვდელი მოსაკლავ ნივთიერებას ეძებს და დაველოდო, როდის დაიჭერენ… სპეცსამსახურებს ვუთხრა, რომ ფაქტზე დავიჭიროთ ან არასრებულ ფაქტზე არარსებული ციანიდით? – ხვდებით რასთან გავაქვს საქმე?“

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ პირველი შეფასება, რაც ამ საკითხზე გააკეთა, იყო ის, რომ ეს ყველაფერი მიმართული იყო ასევე იმისკენ, რომ თუ მართლა რამე მოუვიდოდა პატრიარქს გერმანიაში, სიტუაცია ყოფილიყო შემზადებული: „იქ, ამისთვის იყო ერთ-ერთი სპეცოპერაცია, როცა ამბობდნენ, ოპერაციის რისკები 60/40 ზე იყო, ანუ პატრიარქს ოპერაცია შეიძლება ვერ გადაეტანა. ხვდებით ხომ, ანუ ვიღაცას სჭირდებოდა მზადყოფნა ტრაგიკული შემთხვვეისთვის. შემდგომ უკვე, როცა დააკავეს და თითქოს აღკვეთეს… ხელისუფლების პირველი პირები მწყობრში ჩადგნენ, მათ შორის, მთავარი პროკურორი გვეუბნებოდა, რომ მაღალი იერარქის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა და ეს მაღალი იერარქი აღმოჩნდა ქალი. ეს ხომ მკრეხელობაა?! შემდეგ იერარქები ამბობდნენ, ნდობას ვუცხადებთ პროკურატურასო, რომელ პროკურატურას უცხადებ ნდობას, რომელმაც გითხრა, რომ მაღალი იერარქი ქალია?! მერე სასულიერო პირი გარემოცვიდან პატრიარქს ოპერაციის წინ ეუბნება, რომ მამაო მოდიოდა თქვენს მოსაკლავადო. ერთმა როგორც მითხრა, ეს იყო კონტროლი, ციანიდით თუ არა, ამით მაინც შეიძლება გული გასკდომოდა. ხვდებით ხომ რასთან გვაქვს საქმე? – ეს სერიოზული პრობლემაა.“

ჭყონდიდის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ „ციანიდის საქმე“ დიდი შეთქმულება იყო არა ილია მეორის, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, საქართველოში ჯანსაღი მოვლენების წინააღმდეგ: „შევთხოვ უფალს, ყველაფერს ჩამოეხსნას ფარდა და ყველა იმხილოს, ვინც ამ საქმეში ძალიან ბინძურად არის გარეული. ანტიქრისტიანულია ის ყველაფერი, რაც ამ მოვლენებში განვითარდა“.

ჰოთნიუსი