2 ქართველს საბერძნეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – ტაქსის მძღოლს ფული არ გადაუხადეს და სასიკვდილოდ ცემეს

2 ქართველს საბერძნეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს - ტაქსის მძღოლს ფული არ გადაუხადეს და სასიკვდილოდ ცემეს26 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ათენის გაერთიანებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და 2 ქართველ მამაკაცს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დროს 19 და 20 წლის იყვნენ, აგრეთვე, მესამეს, რომელმაც გაქცევა და მიმალვა შეძლო, სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ (5 ხმა – 2-ის წინააღმდეგ) ათენში ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობისა და გაძარცვისთვის.

ამის თაობაზე ბერძნული მედია წერს.
დანაშაული 2011 წლის 3 ივლისს, გამთენიისას  მოხდა ათენში, კიფსელის რაიონში, დრაკუს და დოირანის ქუჩების გადაკვეთაზე.

სასამართლოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს მოვლენების თანმიმდევრობა: გაზის (Γκάζι – რაიონი ათენში) დატოვების შემდეგ, სადაც ახალგაზრდები ერთობოდნენ და ალკოჰოლს სვამდნენ, ისინი ტაქსიში ჩასხდნენ და მძღოლს კიფსელის რაიონში წაყვანა მოსთხოვეს. როდესაც დრაკუს და დოირანის ქუჩების გადაკვეთაზე მივიდნენ, იმის მაგივრად, რომ მძღოლისთვის მგზავრობის საფასური გადაეხადათ, ქართველები მას თავს დაესხნენ. მძღოლმა წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დამნაშავეებმა იგი სასტიკად სცემეს – მახვილ საგანს ურტყამდნენ სხეულზე და თავში, შემდეგ აიღეს სალარო ფულით, ქვითრებით, მსხვერპლის მობილური ტელეფონი და მანქანის გასაღები და ფეხით გაეცალნენ დანაშაულის ადგილს.

მძიმედ დაჭრილმა მძღოლმა შეძლო მანქანიდან გადმოსვლა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, იგი ორმა გამვლელმა შეამჩნია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

დილის 5:36 საათზე პაციენტი საავადმყოფოში გარდაიცვალა ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად.

უზენაესმა საამართლომ არ ცნო დაცვის მხარის არგუმენტი, რომ ორივე ქართველი ძალიან ახალგაზრდა იყო (მოზარდობის შემდგომ ასაკში), პირიქით, სასამართლომ დაადგინა, რომ „ისინი თავიანთ ქმედებებს კარგად აცნობიერებდნენ“ და ძალაში დატოვა ათენის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – სამუდამო პატიმრობა.

ნოსტალ.ჯი