ბათუმში 23 წლის ანრი მახარობლიძე მე-10 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

ბათუმში 23 წლის ანრი მახარობლიძე მე-10 სართულიდან გადავარდა და დაიღუპადღეს, 7 ნოემბერს, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში.

23 წლის ანრი მახარობლიძე 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო კორპუსის გარე ფასადზე მუშაობდა, როდესაც ამწე გაწყდა და ის დაახლოებით მეათე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა.

ექიმების თქმით, 23 წლის მამაკაცს მრავლობითი სახის, სიცოცხლისთვის შეუსაბამო მოტეხილობები აღენიშნებოდა.

“სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, გაწყდა ამწე და ჩამოვარდა ორი მუშა. ერთი საბედნიეროდ გადარჩა, მეორე უგონო მდგომარეობაშია,” – თქვა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის საპროექტო სამსახურის უფროსმა ირაკლი მოქიამ.

შემთხვევას ჰყავს თვითმხილველები.

“მე რომ გამოვიხედე, ერთი ადამიანი ძირს ეგდო და მეორე აივანზე ჩაკეცილი უყურებდა ამას და ცუდად გახდა. სასწრაფომ სანამ გადმოვარდნილი წაიყვანა, ის კაცი ჩაკეცილი ზემოდან უყურებდა და სავარაუდოდ, ცუდად გახდა ამის დანახვით,” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა მუშა „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში თქვეს, რომ იგი საავადმყოფოში შეყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო.

დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა.

მშენებარე კორპუსში სამუშაო პროცესები ამ დროისთვის შეჩერებულია. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გაავრცელა.

“ინსპექტორები ადგილზე სწავლობენ უშუალოდ უბედურ შემთხვევას. ამ წუთის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ შეჩერებულია სამუშაო პროცესი. შრომის ინსპექციამ მოახდინა მყისიერად შეჩერება და სანამ არ იქნება დეტალურად შესწავლილი, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, ასევე იმ შეუსაბამობების აღმოფხვრა, რომელიც იქ დაფიქსირდება და ფიქსირდება, სამუშაო პროცესი იქნება შეჩერებული,” – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მომხდარის გამო გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რუსთავი 2, ნიუპოსტი

ბათუმში 23 წლის ანრი მახარობლიძე მე-10 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა