ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს – “ოქმში წერია, რომ ხელში ლობიოს მარცვლები ეჭირა და ჰაერში აყარა”

ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს - “ოქმში წერია, რომ ხელში ლობიოს მარცვლები ეჭირა და ჰაერში აყარა”დღეს ლაშა ჩხარტიშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს.

მისი ადვოკატის ია სირანაშვილის განცხადებით, ჩხარტიშვილი იმის გამო დააკავეს, რომ “ხელში ლობიოს მარცვლები ეჭირა და ჰაერში აყარა”. მისივე თქმით, რაიმე დარღვევის ფაქტები ბრალდების მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებაში არ ჩანს.

“დაკავების ოქმში წერია, რომ ლაშას ხელში ეჭირა ლობიოს მარცვლები და აყარა ჰაერში. ამის გამო დააკავეს. სხვა მეტი არაფერი არ ჩანს იმ ვიდეომტკიცებულებაში, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა”,- განაცხადა ადვოკატმა.

ჩხარტიშვილის ადვოკატი დღეს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე პროცესის გადადების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. მისი განცხადებით, ჩხარტიშვილის დაკავების შემდეგ მხოლოდ სამი საათი გავიდა, ამიტომ მტკიცებულებების მოპოვება ვერ შეძლო.

“რა თქმა უნდა, 3 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდებოდა ვერანაირი მტკიცებულებების მოპოვება. მეტი დრო ბატონმა მოსამართლემ არ მოგვცა. ახლაც დავაყენებ შუამდგომლობას, რომ იქნებ გადადოს სხდომა, რომ მტკიცებულებები წარვადგინო. რაც შეეხება ჯარიმას, გავასაჩივრებთ , რა თქმა უნდა. ჯარიმის დაწესება მოხდა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების დროს, თუ რატომ განიხილავდა ერთი მოსამართლე ყველა დაკავებულის საქმეს. ლაშამ თქვა, თუ გინდათ, გამაძევეთო და ამის გამო გააძევა მისამართლემ”,- განაცხადა ადვოკატმა.

ლაშა ჩხარტიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან. ლაშა ჩხარტიშვილი დღეს მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა და ჯარიმის სახით 300 ლარი დააკისრა.

იპნ