სანდრო ბრეგაძე – „დავით ბერძენიშვილი არის ნაძირალა, ის მიტინგზე იმიტომ მივიდა, რომ მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ“

სანდრო ბრეგაძე - „დავით ბერძენიშვილი არის ნაძირალა, ის მიტინგზე იმიტომ მივიდა, რომ მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ“„ქართული მარშის“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, კინოჩვენებასთან დაკავშირებით მშვიდობიანი პროტესტით მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ ქართველი ერი ჰომოსექსუალობის პროპაგანდას არ შეეგუება.

რაც შეეხება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ დავით ბერძენიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, სანდრო ბრეგაძემ აღნიშნა, რომ  მიტინგზე მისი გამოჩენა პროვოკაცია იყო.

„დავით ბერძენიშვილი არის ნაძირალა. დავით ბერძენიშვილი მოვიდა მიტინგზე, რომ მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ამასთან, პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით სანდრო ბრეგაძე ფიქრობს, რომ ის პროვოკატორებმა ისროლეს. ბრეგაძე სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„რაც შეეხება პიროტექნიკის გამოყენებას, ჩვენი ღრმა რწმენით, ეს არის პროვოკატორების მიერ გაკეთებული და სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, მოახდინონ რეაგირება“,- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

„ქართული მარშის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების ჩაშლა მოახერხეს.

„ჩვენ ფაქტობრივად ჩვენება ჩავშალეთ, რადგან ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩატარდა. სახლში, ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, აქ არის ათასობით ადამიანი. ათასობით ქართველმა დაანახა, რომ ეს არის მიუღებელი ქართველი ერისთვის. რაც ვთქვით, ის გავაკეთეთ. ჩვენ არ ვაპირებთ კინოთეატრში შეჭრას, რაიმეს დალეწვას, ვინმეს გალახვას ან ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენებას. თუ „ქართული მარშის“ რომელიმე წევრის მხრიდან, რომელიმე ჟურნალსტის მიმართ მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ მაგივრად გიხდით ბოდიშს და ასეთი ადამიანი აუცილებლად დაისჯება „მარშის“ მხრიდან. ძალიან ცუდია, თუ დაპირისპირება სადმე მოხდა, ვიმეორებ, „ქართული მარშის“ წევრებს აქვთ კატეგორიული გაფრთხილება მიღებული, არ შევიდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში არათუ პოლიციელებთან, არავისთან. როდესაც ასეთი ფართომასშტაბიანი მიტინგი ეწყობა, აქ არის მოსული ძალიან ბევრი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფის წევრი, აქ ხომ მარტო ქართული მარში არ არის, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ზოგი ანერვიულებული იყოს, ზოგი არ იქნება ანერვიულებული. მე უკვე დიდი ხანია, მიტინგი კი აღარ მიმყავს, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის გამშველებლის როლში ვდგავარ, რომ რაიმე არ მოხდეს. პროტესტი გაგრძელდება, მაგრამ  ეს იქნება მშვიდობიანი, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. თუ ვინმეს ჭრილობა ჰქონდა, ამისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც გამოიკვლევენ ამას და დამნაშავეს პასუხს აგებინებენ“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

პირველი არხი