საქართველოში 5-17 წლის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადის

საქართველოში 5-17 წლის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადისბულგარეთის მთავრობის გრანტის ფარგლებში და საქართველოში გაეროს ბავშვთა  ფონდის ხელშეწყობით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისა და მოზარდების სასწავლო პროცესში ჩართვის ორწლიანი საპილოტე პროგრამა იწყება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წელს ჩატარებული ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის მიხედვით, 5-17 წლამდე თითქმის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადის. (2016 წლამდე არ იყო ასაკობრივი შეზღუდვა სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით, ამიტომ მშობლებს ბავშვები 5 წლის ასაკშიც შეჰყავდათ 1-ელ კლასში)

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ამ პროექტის მიზანია სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების ინტეგრაცია და მათთვის სპეციალური კურიკულუმისა და სისტემური მიდგომის შემუშავება.

ფონდის ინფორმაციით, წლების წინ მსგავსი გამოწვევის წინაშე დადგა ბულგარეთიც, რადგან გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც არ იღებდნენ ფორმალურ განათლებას. ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ სკოლაში დაბრუნებული ბავშვები ვერ ეწეოდნენ სასწავლო პროგრამას და გაჩნდა რისკი, რომ ისინი კვლავ სკოლის მიღმა აღმოჩნდებოდნენ. ამიტომ, ბულგარეთის მთავრობამ შეიმუშავა ე.წ. მეორე შანსის პროგრამა, რომელიც მთლიანად მორგებულია სკოლის გარეთ მყოფი ბავშვების საჭიროებებს.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში განმარტავენ, კურიკულუმის ნაწილი გამარტივებულია და მიმართულია იქეთკენ, რომ ბავშვმა  შეძლოს სკოლაში ინტეგრაცია, გამოტოვებული მასალის გააზრება და ათვისება.

საპილოტე პროგრამა ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 15 საპილოტე სკოლასა და 6 დღის ცენტრი განხორციელდება. შემდეგ კი პროგრამა ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

პროექტი ითვალისწინებს მშობლების ჩართულობასაც ამ პროცესში და მათთვისაც მომზადდება პროგრამა, თუ როგორ უნდა მიუდგნენ შვილს სასწავლო პროცესში ჩასართავად.

პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან იმ სკოლების მასწავლებლები და სკოლის დირექტორები, სადაც საპილოტე პროგრამა ხორციელდება.

ფონდის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების შედეგები მიუთითებს პროგრესზე, ხარისხიან განათლებაზე წვდომა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება. ფონდის პოზიციაა, რომ ყველა ბავშვს და მოზარდს აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი განათლება. „თუმცა, საქართველოში ბევრი ბავშვია, განსაკუთრებით კი სოციალურად და ეკონომიურად მოწყვლადი ჯგუფებიდან, რომელთათვისაც სავალდებულო განათლება არ არის ხელმისაწვდომი“.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, დღესდღეობით საქართველოში მწირია განათლების მეორე შანსის პროგრამები, რომლებიც მისცემს შესაძლებლობას სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს და მოზარდებს დაუბრუნდნენ ფორმალური განათლების სისტემას, ჩაერთონ მოსწრების გასაუმჯობესებელ სავალდებულო განათლებაში, გამოასწორონ სწავლის შედეგები და შეძლონ სკოლიდან შრომის ბაზარზე გადასვლა.

„სისტემის ნაკლოვანებები, როგორიცაა არასაკმარისად განვითარებული მასწავლებლის ტრენინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უნარებით აღჭურვილ მასწავლებლების მომზადებას, საჯარო დღის ცენტრებში მომვლელთა არასათანადო კვალიფიკაცია, არასაკმარისი სწავლის და სწავლების რესურსები მოსწავლეების აკადემიური ჩამორჩენის გასაუმჯობესებლად, ასევე ფორმალურ კურიკულუმებში გაძლიერებული სასწავლო პროგრამების ნაკლებობა, რაც დაეხმარებოდა მოსწავლეებს ჩვეულებრივ სკოლაში წარმატებით ინტეგრირებაში კვლავ მთავარ პრობლემად რჩება“, – ვკითხულობთ ფონდის შეფასებებში.

პროექტის პრეზენტაცია დღეს 26 ნოემბერს თბილისში გაიმართა.

ბათუმელები