სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვათავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ისევ ძალაში დარჩა.

ოქრუაშვილის ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან არც ახალი დანაშაულის ჩადენის, არც მიმალვის საფრთხე არ არსებობს. საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქმეში ახალი არსებითი გარემოება არ გამოვლენილა.

სასამართლო სხდომა 6 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.

20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა. 18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი გააუქმა.