შოთა ბიძინაშვილი – “ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში შემართებით იყო და აქეთ გვამხნევებდა”

შოთა ბიძინაშვილი - "ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში შემართებით იყო და აქეთ გვამხნევებდა"სოფელ ბერშუეთის მკვიდრი შოთა ბიძინაშვილი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ დროებითი დაკავების იზოლატორში ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იმყოფებოდა აცხადებს, რომ ექიმი შემართებით იყო და ყველას ამხნევებდა.
“ჩვენი დაჭერიდან მესამე დღეს მოიყვანეს ვაჟა გაფრინდაშვილი. ამბობდა, რომ წუხდა ჩვენი ბედით, გლეხების ბედით. ამბობდა, აქ არ იჭერენ პარლამენტარებს, აქ მარტო გლეხები ხვდებიანო, რომ იქნებ ისე გავაკეთო, წითელი ჯვარი მაინც შემოვიდეს ან სამჯერადი კვება იყოსო. ვამაყობ ამ კაცით. ყვებოდა, რომ სოფელ მონასტერში დააკავეს. არ ვიცით, სად მიდიოდა. ვითომ იქ ეკლესიაა და იქ მიდიოდა. ბევრი ოსი პაციენტი ჰყავდა. რაც დაიჭირეს იმ დღიდან დაკითხვაზე დაჰყავდათ და ეუბნებოდნენ, აღიარე ე.წ. საზღვრის დარღვევა და გაგიშვებთო. ექიმმა უთხრა, რომ არანაირ საზღვარს არ ვაღიარებ, ეს არის ჩემი სამშობლო, მე არ ვცნობ თქვენ საზღვრებსო და ამის გამო ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს წინა დღეს ოსმა გამომძიებელმა კიდევ ერთხელ გაიყვანა და უთხრა, მესმის, რომ სამშობლო გიყვარს, მაგრამ თუ გინდა გახვიდე, უნდა აღიარო, რომ საზღვარი დაარღვიე. ვაჟა გაფრინდაშვილმა უთხრა, რომ აზრის შეცვლას არ აპირებდა. განუცხადეს, თუ არ აღიარებ, ციხეში გადაგიყვანთო. ვაჟა გაფრინდაშვილმა კი უპასუხა, რომ არაფრის ეშინოდა. 12-ში ღამით გაიყვანეს და მას შემდეგ აღარ გვინახავს. შემართებით იყო, თავი არ დაუხრია და აქეთ ჩვენ გვამხნევებდა” – განაცხადა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულა შოთა ბიძინაშვილმა.

შეგახსენებთ, “მედიკლაბის” ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე იმყოფებოდა. კოდისწყაროში მცხოვრები ორი მწყემსი, ბერშუეთიდან გატაცებული ორი ადგილობრივი და გრემისხევში მცხოვრები ადგილობრივი ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაკისრებული 2000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ნიუპოსტი