თენგო ქუთელია – „სპეცრაზმელებმა ვერცხლისფერი კასტეტი დამარტყეს და შუბლი გამიტეხეს, 8 ნაკერი მადევს“

თენგო ქუთელია - „სპეცრაზმელებმა ვერცხლისფერი კასტეტი დამარტყეს და შუბლი გამიტეხეს, 8 ნაკერი მადევს“ პრესა.ჯიმ იპოვა ადამიანი, რომელსაც 25 ნოემბრის აქციის დარბევის დროს სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი თავად ყვება თუ როგორ შეათრიეს ის სპეცრაზმელებმა და როგორ მიაყენეს ჭრილობები კასტეტით, თავის არეში.

თენგო ქუთელია:

”25 ნოემბერს, პარლამენტის წინ ვიდექი დარბევას როდესაც გეგმავდნენ.  ხელები აწეული გვქონდა ყველას და ვთხოვდით რობოკოპებს რომ ძალა არ გამოეყენებინათ.

ჩემს გვერდით მოხუცი კაცი იდგა ხელჯოხით, შშმ პირი იყო. ჭყლეტვაში მოყვა ეს კაცი, დაეცა და მის წამოყენებას ვცდილობდი. თან ვთხოვდი  სპეცრაზმელებს რომ ფეხი არ დაებიჯებინათ მისთვის და არ გადაევლოთ ზედ.

წყლის ჭავლში მოვახერხეთ და ეს კაცი წამოვაყენეთ. უცებ, მარცხენა მხრიდან, ორმა სპეცრაზმელმა ხელი მტაცა და შიგნით შემაგდო, სადაც მწკრივად ე.წ. რობოკოპები იყვნენ.

სპეცრაზმელებმა ვერცხლისფერი კასტეტი დამარტყეს და შუბლი გამიტეხეს, 8 ნაკერი მადევს…

– მშვიდობიან მოქალაქეს ორი სპეცრაზმელი ფიზიკურად გაგისწორდათ…

 – დიახ, ასე იყო და შესაძლოა,  უფრო მეტნიც იყვნენ. ჩვენ  მათ მხოლოდ იმას ვთხოვდით რომ ხელით არ შეგვხებოდნენ და პროტესტის საშუალება მოეცათ..

– ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ:  კასტეტი დაგარტყეს  და ამის შემდეგ რა მოხდა, დახმარება ვინ აღმოგიჩინათ?

– ამ დარტყმის შემდეგ,სპეც-დანიშნულების პირები ცდილობდნენ რომ სხვა მხარეს გადავეყვანე. ალბათ,  ჩემი მოშორება, გადამალვა უნდოდათ. გონება  არ დამიკარგავს, მათი საუბარიც კი მესმოდა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ეს რა ქენი, როგორ დაარტყიო.“

რაღაც მანძილი გავიარეთ და შემთხვევით, ვიღაც აქციის მონაწილე შეგვხვდა და სწორედ მან აღმომიჩინა დახმარება, მიმიყვანა  სასწრაფო დახმარების მანქანასთან და გადამარჩინა, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის მისთვის!

– როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა?

– გუშინ გამომწერეს საავადმყოფოდან. ინგოროყვას კლინიკაში ვიყავი ერთი ღამე.  თვალზე სისხლჩაქცევები მაქვს და შუბლის მიდამოში რვა ნაკერი დამადეს..

– გააგრძელებთ თუ არა საპროტესტო აქციებზე სიარულს?

– მე ვხედავ უსამართლობას ხელისუფლების მხრიდან და ამით ვერ დამაშინებენ! სიმართლის წინააღმდეგ მუდმივად ვიბრძოლებ და კვლავ გავალ ქუჩაში