რუსეთში მცხოვრებმა წარმატებულმა ქართველმა ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა დაბადების დღე საქართველოში გადაიხადა. თინა თბილისში ქმარ-შვილთან და მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა. მისი გრანდიოზული დაბადების დღის ორგანიზება კი, ცნობილმა ივენთ-მენეჯერმა თაკო დოლაბერიძემ გააკეთა. თინა კანდელაკმა საკუთარი იუბილე სხვადასხვა ლოკაციაზე აღნიშნა, სადღესასწაულო სუფრა კი ულამაზესი ყვავილებით ნატო ჭყონიამ გააფორმა.
უფრო დეტალურად სკანდალური ჟურნალისტის და ბიზნეს-ვუმენის ქართულ ვოიაჟზე AMBEBI.GE-ს თაკო დოლაბერიძე ესაუბრა:
– თიკა კანდელაკი არის ჩემი მეგობრის თემო დოლიძის ბავშვობის მეგობარი. რადგან საქართველოში ყოფნას დაემთხვა მისი დაბადების დღე, გადაწყვიტეს საკუთარი იუბილე სწორედ აქ გადაეხადა. ამიტომ მომმართეს მე, შევარჩიე ლოკაციები და ორდღიანი პროგრამაც გავაკეთეთ.
მე თვითონ შევთავაზე მათ რესტორანი “მარანი” ძველ თბილისში, რადგან ხედების ნახვა უნდოდათ, შემდეგ წავედით მცხეთაში ჯვარზე, იქედან რესტორანში გავემგზავრეთ, სადაც მასტერ-კლასი ჩატარდა, პური გამოაცხვეს, ყველი ამოიყვანეს, ღვინის დეგუსტაცია მოხდა, საღამოს კი თბილისში დავბრუნდით. ეს ყველაფერი რესტორანში გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდა. თემო დოლიძე იყო მისი მასპინძელი, მისი დავალებით მოვაწყეთ ყველაფერი, რუსეთიდან 12 სტუმარი ჰყავდა ჩამოყვანილი.
– რა მოთხოვნები ჰქონდა კანდელაკს?
– არაა ამბიციური ადამიანი, შესაბამისად არანაირი მოთხოვნები არ ჰქონია. როგორც გაირკვა, მას არ უყვარს დაბადების დღის გადახდა, მაგრამ ვინაიდან მისი იუბილე მის თბილისში ყოფნას დაემთხვა, გადაწყვიტა გადაეხადა. პირობა დადო, მომავალში ერთი თვითმფრინავით ჩამოვალ, უფრო ბევრ მეგობარს ჩამოვიყვან, ნახონ, სად გავიზარდეო, რა ქვეყანა მაქვსო. მას აქვს რუსეთში საკუთარი რესტორანი “თინათინი”, სადაც სტუმრებს ქართულ კერძებს სთავაზობენ.
– ვაჟიც ჰყავდა ჩამოყვანილი…
– ბიჭი ჰყავდა ჩამოყვანილი, გავგიჟდი დედა-შვილის ურთიერთობაზე. მისმა ვაჟმა ისეთი სიტყვებით მიულოცა დედას დაბადების დღე, ვუყურებდი და ვტიროდი. მან მადლობა გადაუხადა დედას და უთხრა, ისეთი შვილი ვიქნები, როგორიც შენ გეკადრებაო.
– რომელი მომღერლები მღეროდნენ მის დაბადების დღეზე?
– მღეროდა „ქართული კვარტეტი“, ასევე ლიკა და სალომე დოლიძეების ბენდი.
– ქართველებიდან ვინ ესწრებოდა დაბადების დღეს?
– ქართველებიდან მისი დეიდაშვილები იყვნენ სტუმრად, ცოტა ხნით მოვიდა შალვა რამიშვილი, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია. უფრო სტუმრებისთვის იყო გაკეთებული ეს დაბადების დღე.
– ხალხი როგორ ხვდებოდა ქუჩაში?
– ძალიან თბილად და კარგად ხვდებოდა ხალხი. მოდიოდნენ და კოცნიდნენ, ჩემს თაობას კარგად ახსოვს გოგონა, რომელიც ტელევიზიით გამოდიოდა და ამბობდა, გამარჯობათ, ეს მეორე არხია, მე თიკა კანდელაკი ვარო. ასე რომ, ნოსტალგიური დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ, ეხუტებოდნენ, უხაროდათ და თავადაც თბილად ხვდებოდა ყველას.
ამბები