„5 შვილს ზრდიდა ნინო“ – ვიღაცის დაუდევრობას შეეწირნენ

ფონიჭალაში აფეთქებას 3 წლის თაიას დედა ემსხვერპლა, ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ მის მცირეწლოვან დას – როგორც „კვირის პალიტრას“ მათი ოჯახის ახლობელმა უთხრა, დაღუპულ ნინო ჭელიძეს 5 შვილი ჰყავდა და აფეთქების მომენტში სახლში ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა:

„უკარგესი, უსაყვარლესი ოჯახი ჰქონდათ. მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ბავშვები დარჩნენ დედის გარეშე. 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო და მისი მეუღლე, ძალიან ბედნიერები იყვნენ, ძალიან ლაღები, კარგები და უცებ ყველაფერი თავზე ჩამოენგრათ. ვიღაცის დაუდევრობას შეეწირა მრავალშვილიანი ოჯახის ორი წევრი. სიტყვები არ მაქვს, რა ვთქვა სანუგეშო. თაია რომ გამოჩნდა, მართლა მქონდა იმედი, რომ ამათაც ცოცხალს იპოვიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა საუბედუროდ. ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, შვილებს და მთელ საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას” – უთხრა „კვირის პალიტრას“ ოჯახის ახლობელმა.

ამ დროისთვის ფონიჭალაში მაშველები ნანგრევებში დარჩენილ ერთ არასრულწლოვანს, სწორედ ნინო ჭელიძის 7 წლის შვილს ეძებენ. მანამდე ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს 3 წლის თაია.

ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო დღეს დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 12 საათია მიმდინარეობს. მაშველებმა ნანგრევებიდან ჯამში ხუთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, საიდანაც სამი ქალია, ერთი კაცი, ერთი კი ბავშვი.