დავით ჭიჭინაძე – “ქართულმა ოცნებამ” თავისი რესურსი ამოწურა – ვადამდელი არჩევნები ხელს არავის აძლევს”

დავით ჭიჭინაძე - "ქართულმა ოცნებამ" თავისი რესურსი ამოწურა - ვადამდელი არჩევნები ხელს არავის აძლევს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, “ქართულ ოცნებაში” თითქოს ახალი დაპირისპირება მწიფდება. დიმიტრი ხუნდაძე სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას და ორპალატიან პარლამენტს ითხოვს. ეს დაპირისპირება რეალური შეიძლება იყოს?
– “ქართული ოცნება” როდესაც ამბობს, რომ დიდი დაპირისპირებაა გუნდში, ეს ნიშნავს, რომ არაფერიც არ ხდება. როდესაც რეალური დაპირისპირებაა, მაშინ ამბობენ, რომ არაფერი ხდება. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ თითქოს ხალხის მოტყუებას აპროტესტებს ერთი ნაწილი და დემოკრატიული სახე მისცენ. კომუნისტურ პარტიაში როგორც წარმოუდგენელი იყო განსხვავებული აზრის გატარება, ისე არის “ქართულ ოცნებაში” განსხვავებული აზრის გატარება შეუძლებელი.
“ქართული ოცნება” ავტოკრატულ პარტიად ჩამოყალიბდა. ვისაც მართლა განსხვავებული აზრი ჰქონდა, ყველას გასასვლელი კარისკენ მიუთითეს. დიმიტრი ხუნდაძე მორჩილ უმრავლესობაში იყო. როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, არაფერი ინიციატივა არ ჰქონია და ახლა იდეების ფრქვევა ცოტა გასაკვირია.
– თქვენ განაცხადეთ, რომ “ქართული ოცნებისთვის” საარჩევნო მოდელს აღარაფერი მნიშვნელობა აღარ აქვს. რას გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა, აღარ აქვს. “ქართულმა ოცნებამ” თავისი რესურსი ამოწურა. შესაბამისად, რა მნიშვნელობა აქვს საარჩევნო მოდელს?! მას არავითარი რესურსი არ აქვს ხელისუფლებაში ერთპიროვნულად დარჩენის.
თუ რეალურად წავა ცვლილებების გზით, მაშინ მას ექნება შანსი, ქვეყნის კოალიციურ მმართველობაში დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც “მოქალაქეთა კავშირი” გაქრა, ისე გაქრებიან.
თუ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს დააკავებენ, თუ კონკრეტულ სახელსა და გვარებს მოიშორებენ და რეალურად ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან კოალიციისთვის მოემზადებიან, მაშინ შანსი ექნებათ, უფრო მეტი, ვიდრე მათ წინამორბედ ნაციონალურ მოძრაობას.
ახლა ამას კი არ ვხედავთ, ვხედავთ ერთმანეთის მისამართით დაპირისპირებას და დესტრუქციას.
– ისევ პოლარიზებულ გარემოში ვართ, სადაც ეს ორი ძალა ახვევს ამომრჩეველს თავის სურვილებს?
– დიახ, თუმცა, ნაკლებად პოლარიზებულია. იმიტომ, რომ ეს ორივე ძალა ერთია, ფუძე, წარმოშობა ერთი აქვთ. ყოველთვის შეეცდებიან ხალხის მოტყუებას ამ მითიური დაპირისპირებით.
ამას თავის დროზე ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე აკეთებდნენ და ეს მითიური დაპირისპირება ორივესთვის როგორც დასრულდა, ვნახეთ. ისე დასრულდება ამათთვისაც.
დღეს ქვეყანას ამ ორი ძალისგან განთავისუფლება სჭირდება.
– ხუხაშვილი ამბობს, რომ მცოცავი არასტაბილურობა არჩევნების ბოლო დღემდე გვექნება. თქვენც ასეთი განცდა გაქვთ?
– დიახ, რადგან ეს არის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ვარიანტი. ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყო. უკვე საარჩევნო დაპირებებზეც აღარ არის საუბარი. საარჩევნო დაპირებები გადახაზულია, მხოლოდ ნეგატივზე და დესტრუქციაზეა აგებული მათი კამპანია.
საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამ სტრატეგიამ გაამართლა და კვლავ იგივე სტრატეგიას მიმართავენ, ოღონდ ამჯერად მასშტაბები უფრო დიდია.
– “ოცნება” ვინმემ შეიძლებს კიდევ დატოვოს?
– “ქართული ოცნება” იმ ჯანსაღმა ძალებმა, რომლებიც კიდევ არიან შიგნით, არ უნდა დატოვონ, იმიტომ, რომ წაიქცევა. ხომ ამბობენ, გუნდში დემოკრატია გვაქვსო, ამიტომ ამ ადამიანებმა ღიად უნდა იბრძოლონ იმ ღირებულებებისთვის, რომელთაც თავის დროზე ხალხს დაპირდნენ.
– შეგიძლიათ გვითხრათ, ასეთი ვინ გეგულებათ?
– კენჭისყრებს თუ გადახედავთ, მიხვდებით. არ მინდა მათ ზიანი მივაყენო და ღიად დავსახელო. ეს ადამიანები ჯერ-ჯერობით იმიტომ არ ტოვებენ “ქართულ ოცნებას”, რომ რაღაცას ცდილობენ. ცდილობენ, მეტ-ნაკლებად იყვნენ დასაყრდენები. ამიტომ, არ მიმაჩნია სწორად, რომ ამ ადამიანებმა პარტია უნდა დატოვონ, რადგან მაშინ ჩვენ წყალს ვადამდელ არჩევნებს დავასახამთ.
ვადამდელი არჩევნები კი ხელს არავის აძლევს, პირველ რიგში, ქვეყანას. ვირტუალური რევოლუციური სცენარები ქვეყანას არ აწყობს, რადგან გამოუვალ ჩიხში შევალთ.