ექიმი ჯვარშეიშვილი – “ცოტნე გამსახურდიას თავიდან ჰემატომა ამოვიღეთ, მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე დღე ძილში გვეყოლება”

ექიმი ჯვარშეიშვილი - "ცოტნე გამსახურდიას თავიდან ჰემატომა ამოვიღეთ, მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე დღე ძილში გვეყოლება"მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას 7 საათიანი ოპერაციის დასრულების შემდეგ ნეიროქირურგმა არჩილ ჯვარშეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამორიცხული არ არის ცოტნე გამსახურდიას კიდევ დასჭირდეს ოპერაციის ჩატარება როგორც თავზე, ასევე გულმკერდზე.

“პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: მრავლობითი ტრავმა გულმკერდის, მრავლობითი ტრავმა თავის ტვინის და თავის ქალის. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო თავის ქალის, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, დაზიანებული იყო ქალა ტვინის ძვლები, შუბლის წილში და თხემის წილში. 7 საათი მოვუნდით ოპერაციას, ჰემატომები ამოღებულია. ტვინის მდგომარეობა, ტვინის რელაქსაცია, ოპერაციის ბოლოს, გემატომის მოშორებიას შემდეგ, იყო დამაკმაყოფილებელი. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე, სადაც რამდენიმე დღე დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე. რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიკვეთება პროგნოზი როგორი იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა. შესაძლოა, დასჭირდეს კიდევ ოპერაცია როგორც თავზე, ისე გულმკერდზე. ამას ყოველდღიური მონიტორინგი გვაჩვენებს. რამდენიმე დღე ძილში გვეყოლება. ყოველდღიური მონიტორინგი იქნება კომპიუტერული ტომოგრაფიით და ყველაფრით, ყველა რესურსით, რაც კლინიკაში გვაქვს და ყველაფერი გვაქვს, რისი საჭიროებაც არის. დანარჩენი გამოჩნდება ყოველდღიური დაკვირვების რეჟიმში,”- განაცხადა არჩილ ჯვარშეიშვილმა.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას პირველი ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა, რის შემდეგაც ტომოგრაფიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის ნეიროქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, თბილისში, ვერაზე დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით,ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იპნ