ერეკლე კუხიანიძემ ცხინვალში ჩასვლა სცადა, მაგრამ მავთულხლართებში გაიჭედა – ”ბიბილოვს უნდა დავლაპარაკებოდი”

ერეკლე კუხიანიძემ ცხინვალში ჩასვლა სცადა, მაგრამ მავთულხლართებში გაიჭედა - ”ბიბილოვს უნდა დავლაპარაკებოდი”საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ რამდენიმე დღის წინ კრიტიკული განცხადება გააკეთა, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ საკორინთლოსთან იმყოფება.

კუხიანიძის განცხადებით, იგი ოკუპირებულ ცხინვალში ჩასვლას და დე ფაქტო რეჟიმის ლიდერთან – ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრას გეგმავდა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრის თქმით, გუშინ გადავიდა გამყოფი ხაზის მიღმა, თუმცა, გზა აერია და უკან დაბრუნდა, დღეს კი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობა მეორედ ჰქონდა, მას ამის საშუალება ქართველმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ერეკლე კუხიანიძის განცხადებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე მას დააკავებდნენ, ამიტომ მომზადებული წავიდა და ხელჩანთით პირადი ნივთებიც წაიღო. მისი მიზანი კი, როგორც თავად აცხადებს, ბიბილოვთან შეხვედრა და გასაუბრებაა, რის საფუძველზეც, ფიქრობს, რომ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ.

„გუშინ ვცადე მე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ სადღაც ტყეში ვიბოდიალე და რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და ახლა არ მინდა რაღაც ცირკს დაემსგავსოს, მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის რუსულ ენაზე“, – განაცხადა კუხიანიძემ.

საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. გარდა ამისა, ის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომაროების პოსტსაც დატოვებს.

რამდენიმე დღის წინ ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის შეურაცხმყოფელი სტატუსი გამოაქვეყნა და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

იპნ