ილია ჯიშკარიანი – ”ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ” – სასამართლო 11 დეკემბრამდე გადაიდო

ილია ჯიშკარიანი - ”ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ” - სასამართლო 11 დეკემბრამდე გადაიდოილია ჯიშკარიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. “ქართული ოცნების“ დეპუტატი თანამშრომელზე ძალადობის მცდელობას კატეგორიულად უარყოფს.

საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა ემსჯელათ.

ბრალდებისა და დაცვის მხარემ დამატებითი მტკიცებულებები წარადგინეს. მათ შორის, “კურიერმა“ ბრალდების მხარის მიერ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მოიპოვა. პოლიციელების სამხრე კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა ასახავს თამთა თოდაძის პირველ ჩვენებას, რომელიც მან სამართალდამცველებს შემთხვევიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ მისცა. ვიდეომასალაში თოდაძე დეტალურად აღწერს ინციდენტს, რომელიც მასსა და დეპუტატ ილია ჯიშკარიანს შორის მოხდა.

დაცვის მხარემ სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სხდომა 11 დეკემბრამდე გადაიდო.

“გადაიდო, რადგან ბრალდების მხარემ დაცვის მხარის რამდენიმე მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნია.  ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ბრალდების მხარის ამ პოზიციას, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები არის კანონის უხეში დარღვევით მოპოვებული და არ უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს“ – ამბობს თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა.

”ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ”, – ამის შესახებ ილია ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მას ჟურნალისტებთან კომენტარი არც სხდომის დაწყებამდე გაუკეთებია.

„თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ? ამ ეტაპზე არ მინდა გავაკეთო კომენტარი. ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10.000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.